მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რწმუნებულების სარესტორნო ხარჯების გაწევისას მიზნობრიობა და დამსწრეთა ვინაობები მითითებული არაა - აუდიტი

რესტორანი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა გამოავლინა ხარვეზები სარესტორნო და სასაჩუქრე, იგივე წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციების მიერ განხორციელებული წარმომადგენლობითი ხარჯები ყოველთვის არ იყო სათანადოდ დოკუმენტირებული და დასაბუთებული. კერძოდ, აუდიტორებმა გამოავლინეს შემთხვევები, როდესაც არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია ღონისძიების მონაწილეების, მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ეს კი, ართულებს წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შეფასებას.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები ზოგჯერ არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებსა და ლიმიტებს.

მთლიანობაში 2021-2022 წლებში წარმომადგენლობით ხარჯებზე დახარჯულია 103 ათასი ლარი, საიდანაც ყველაზე მეტი - 33.4 ათასი ლარი იმერეთის რეგიონში რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა, 26.7 ათასი ლარი კი კახეთის რეგიონის წარმომადგენლობითი ხარჯები იყო.

"სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში მოხდა წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა, ასევე არ არის მითითებული ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა და რაოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში არ არის შედგენილი სტუმრებისთვის საჩუქრების გადაცემის აქტები, რაცწარმოშობს ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები