მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, თუმცა მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს – აშშ 5 ივლისის ძალადობაზე

60edf36299928
თამთა ჯიჯავაძე
14.07.21 00:06
1702
"სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, თუმცა მოვლენებს დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისიმ ქართველი ჟურნალისტის დემნა დევდარიანის კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის არის სანქციებიც, თუმცა, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ ვითარებას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს “, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და უსამძიმრებს ყველას „Tv პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

პრაისმა ასევე მოუწოდა ყველას, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს, რომ საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

"ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოხდეს, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მომიტინგეებს და ჟურნალისტებს 5-6 ივლისს, ან მათ, ვინც წაახალისა ძალადობა. ისინი უნდა იყვნენ დაკავებულნი და გასამართლებულნი კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს მათ პასუხისმგებლობებს, რომ დაიცვან ყველა, ვინც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს. ასევე, ჩვენ მათ შევახსენებთ პასუხისმგებლობას დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებას აღასრულებენ. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი ძალადობა. ასეთი შემთხვევების ადგილი დემოკრატიაში არ არის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ აშშ განაგრძობს მსოფლიოში LGBTQ მოსახლეობის ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან დაცვას.