მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგები შესაძლოა საინვესტიციო ფონდებშიც განთავსდეს - რა ცვლილებები იგეგმება?

6410e40aa7503
ალა ისპირიანი
15.03.23 00:05
7597
ამ დროისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 3 130 000 000 ლარია. აღნიშნული საპენსიო დანაზოგების, დაახლოებით, 60% კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული; 16% - სახაზინო ობლიგაციებში; დაახლოებით, 9% - უცხოურ ფასიან ქაღალდებში ანუ აქციებში; 8% - ამერიკულ სახაზინოებში; 5% - მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა; 0,8 არის სუვერენულ ობლიგაციებში და 0,1% კი, განთავსებულია კორპორაციულ ობლიგაციებში“.

საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გიორგი მელიქიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საპენსიო დანაზოგების ნაწილი შესაძლოა საინვესტიციო ფონდებშიც განთავსდეს.

მისი განმარტებით, საინვესტიციო ფონდებსა და საპენსიო სააგენტოს შორის აღნიშნული სახის თანამშრომლობამდე ორი ძირითადი ცვლილებაა აუცილებელი. კერძოდ, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, რის შემდეგაც საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო ფონდების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

გიორგი მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტო აღნიშნულ კანონში ცვლილებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის ელოდება, მანამდე კი იმ დეტალებს გვიხსნის, რაც კანონში უნდა აისახოს.

„კანონში უფრო მეტი დეფინიცია გვინდა შევიტანოთ. თავიდან, როცა კანონი შეიქმნა ბუნებრივია დეტალიზაცია იქ ვერ იქნებოდა, მაგრამ ახლა 4 წელზე მეტი გავიდა და გამოიკვეთ ღია საფონდო ოპერაციებთან დაკავშირებით რა მიმართულებით გვინდა კანონში მეტი სიზუსტის და სიცხადის შეტანა. თუ კანონში ცვლილება მოხდება შემდეგ გვექნება საშუალება მეტი სიცხადით დავინტერესდეთ ფონდებით. მაგალითად ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მეტი ჩარჩო გვეცოდინება ასეთ ფონდებს რა პირობებით შეგვიძლია ველაპარაკოთ.

კანონში <საინვესტიციო ფონდების შესახებ> წერია, სხვა აქტივები და ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ სხვა აქტივებში გადის. ამ სხვა აქტივებს სასურველია, რომ მეტი დეფინიცია ჰქონდეს. დღეს საპენსიო სააგენტოს უძრავი ქონების ფონდში ინვესტირება არ შეგვიძლია, მხოლოდ შეგვიძლია მაღალ რისკიან პორტფელში. საშუალო რისკიანში და დაბალრისკიანში არ შეგვიძლია. ასევე თითოეულ ფონდში კონცენტრაციის ლიმიტებია გასაწერი, ერთ ფონდში 100% არ შეგვაქვს - აქაც გარკვეული კონცენტრაციები უნდა იყოს, მაქსიმუმ რამდენით შესვლაა შესაძლებელი.

კანონში ცვლილებები, ჩვენი ინფორმაციით, წლის ბოლოს უნდა შევიდეს და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ფონდების ანალიზი და მათი მეტი მონიტორინგი, რომ ისინი ჩვენთვის საინტერესო იყვნენ", - განაცხადა გიორგი მელიქიძემ.

კითხვაზე, - რას მოიცავს საინვესტიციო ფონდების მინიტორინგი? - მან თქვა, რომ ფონდს "გარკვეული პერფორმანსი უნდა ჰქონდეს".

"მნიშვნელოვანია ფონდები რას შემოგვთავაზებენ. ფონდმა, რომ ჩვენნაირი ან ნებისმიერი ინვესტორი დააინტერესოს მას გარკვეული პერფორმანსი უნდა ჰქონდეს, მაგალითად მისი საინვესტიციო სტრატეგია, როგორ შემოსავლებს და უკუგებას აჩვენებდა და ამის სხვადასხვა საზომი არსებობს, ანუ მნიშვნელოვანია, ფონდი რამდენად ჯობდა ბაზარს, ინფლაციას, გლობალურ ინდექსს, თავის სექტორში ფასწარმოქმნის ნაწილს და ა.შ...

საინვესტიციო ფონდებს ყველას თავისი საინვესტიციო სტრატეგია და პოლიტიკა აქვთ, ამ საინვესტიციო სტრატეგიამ და პოლიტიკამ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკურენტული უპირატესობა მოაქვს ვიდრე მოიტანდა ინდექსი ან სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტი.

ახალი ფონდები საქართველოში საინტერესოა, მაგრამ მათ ჯერ უნდა მივცეთ საშუალება, მათმა საინვესტიციო სტრატეგიამ გაამართლოს და მერე დაელაპარაკონ ისეთ ინვესტორებს როგორიც ჩვენ ვართ. მაგალითად ფონდი მოვიდა და გვითხრა, რომ სამი წელია უძრავი ქონების ბაზარზე ვართ ან ტექნოლოგიურ სექტორზე, ან სხვა... სამი წლის მანძილზე ესა და ეს კომპანიები შევიძინეთ , შემდეგ ამ კომპანიებში ღირებულება შევქმენით, ღირებულების შექმნის მიდგომა ასეთი და ასეთი გვაქვს და შესაბამისად ბაზარს ასე ვაჯობეთ, ამდენი მოგება მოვიტანე, როცა ამ პერიოდში ინფლაცია ამდენი იყო, ანუ უნდა ახსნან, რატომ უნდა ჩადოს ინვესტორმა მის ფონდში თანხა და არა მაგალითად ამერიკულ ინდექსში.

მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში, საკმაოდ კარგი ხედვა უნდა გვქონდეს, მანდატთან დაკავშირებით. ფონდები რომლებიც ახლა ეროვნულ ბანკს ემუშავებიან, რომ ლიცენზია მიიღონ და დაფუძნდნენ ეს მათთვისაც კარგი პერიოდია და მომავალი წლის დასაწყისში ფონდებიც იქნებიან, ჩვენც მანდატი ცხადი გვექნება და მათთან სელექციურად თანამშრომლობას დავიწყებთ“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, - საქართველოში რეგისტრირებულმა რომელიმე ფონდმა თუ მიმართა საპენსიო სააგენტოს ინვესტიციის მოზიდვის კუთხით? - მან თქვა, რომ ოფიციალურად არა.

„მივესალმებით საინვესტიციო ფონდების შექმნას საქართველოში. ვმუშაობთ რომ კანონმა უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს რომ მათთან მუშაობა შევძლოთ. ოფიციალურად ფონდებს ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა საუბარი თითქმის ყველასთან გვქონია. რთულია პირველ ფონდში შესვლა, რადგან ის საკმაოდ ექსპერიმენტალურია. ჩვენ მივესალმებით და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით მაგრამ იმათ მხარესაც ბევრია გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, საინვესტიციო ფონდების განვითარება საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2013 წელს საინვესტიციო ფონდების შესახებ მიღებული კანონი არ ითვალისწინებდა საინვესტიციო ფონდების რეგულირებისა თუ ოპერირების სხვადასხვა ასპექტს, რაც ბაზრის განვითარების ტემპს აფერხებდა. არსებული გამოწვევების ფონზე 3 წლის წინ კანონმდებლობა განახლდა და პარლამენტმა საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონი მიიღო.
.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები