მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განიხილება თუ არა საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირება - სააგენტოს პასუხი

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საპენსიო თანხების რომელიმე მსხვილ პროექტში ინვესტირება არ იგეგმება.

როგორც საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა BMG-ის განუცხადა, მართალია, სააგენტოს მანდატი გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით სააგენტოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კონკრეტული პროექტების განხილვა არ დაუწყია.

საქმე ისაა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა კონსერვატიული ანუ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც გაჩნდა.

ანა ნაჭყებიას თქმითვე, საპენსიო სააგენტო ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმშია საინვესტიციო ფონდების მიმართულებითაც.

„კანონის თანახმად, კონსერვატიული პორტფელიდან შესაძლოა რომ ინვესტირება განხორციელდეს სხვა აქტივებში. თუმცა ასეთი ფონდები საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული. საქართველოში რეგისტრირებულ ფონდებს ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით, თუმცა მათი ზომა ჯერჯერობით საკმაოდ პატარაა, რაც გვიშლის ხელს, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები განვახორციელოთ.

რაც შეეხება დაფინანსებას, კანონის მიხედვით, ამ მიმართულებით ინვესტირება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად უნდა მოხდეს. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც არ განმიხორციელებია ინვესტიცია, ვაკვირდებით ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს. პირველი ნაბიჯი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებაა, თუმცა მათთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა არ დაგვიწყია“, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები