მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო ამნისტიების „დაზარალებულები“ ის კეთილსინდისიერი მეწარმეები არიან, რომლებიც საჯარიმო სანქციებს დროულად იხდიან - ოდიშარია

სალომე ოდიშარია

"სასიხარულოა, რომ ჩვენი პროფესიის წარმომადგენლების და ბევრი სხვა ადამიანის ძალისხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა და საპენსიო ჯარიმებთან დაკავშირებული კანონპროექტიც ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრის შედეგია", - ამის შესახებ BMG-სთან აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლინოს“ დამფუძნებელი სალომე ოდიშარია საუბრობს.

მისი თქმით, დადებითად შესაფასებელია მცირე მეწარმეებისა და ბიზნესის გათავისუფლება ისეთი უზარმაზარი ჯარიმებისგან, რომლებიც ზოგ შემთხვევაში 15 000-დან 20 000 ლარამდეც კი აღწევდა. ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს RS.ge-სა და SMS-შეტყობინებების მეშვეობით კომპანიების ოპერატიული ინფორმირება მოსალოდნელი დარღვევების შესახებ.

ამასთან, საგადასახადო ექსპერტი იმ სისტემურ პრობლემაზეც საუბრობს, რომელიც მსგავს ამნისტიებსა და შეღავათებს თან სდევს. როგორც ოდიშარია განმარტავს, საუბარია იმ კეთილსინდისიერ მეწარმეებზე, რომლებმაც თავის დროზე, თუნდაც ტექნიკური ხარვეზის გამო დაკისრებული ჯარიმები დროულად და სრულად გადაიხადეს.

„ასეთი შემთხვევები ბევრი გვაქვს, სამწუხაროდ, თუნდაც, საგადასახადო მიმართულებით, როცა მაგალითად, დავალიანებები ჩამოეწერათ ფიზიკურ პირებს ან ინდივიდუალურ მეწარმეებს მაშინ, როცა, მაგალითად, კეთილსინდისიერი გადამხდელები თავის დროზე მსგავს გადასახადებს ყოველთვის დროულად იხდიდნენ. საჯარიმო სანქციებს, უფრო მეტად, გადასახადის ის გადამხდელები იხდიდნენ, რომლებსაც ერთთეთრიანი და ორთეთრიანი სხვაობები ჰქონდათ.

ზოგადად, ასეთი კანონპროექტების ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, „დაზარალებულები“, გამოდიან ზუსტად კეთილსინდისიერი მეწარმეები და ბიზნესები, რომლებიც თავის დროზე იხდიან ამ საჯარიმო სანქციებს“ - აცხადებს სალომე ოდიშარია BMG-სთან.

მისი შეფასებით, ყველაზე სამართლიანი და ოპტიმალური ალტერნატივა იქნებოდა ტექნიკური დიფერენცირება - იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომლებიც მართლაც, მცირე ტექნიკური თუ დროითი ცდომილების გამო დაჯარიმდნენ და გადახდილი ჯარიმის თანხების მათივე საპენსიო ბალანსზე ასახვა.

„ალბათ, ძალიან რთული იქნება ზოგადად, თუნდაც იმის ადმინისტრირება, რომ ვინც გადაიხადა ჯარიმა, ის თანხები უკან დაუბრუნდეთ, მაგრამ შესაძლებელია. თუნდაც იმის გარჩევა, რომ ეს საჯარიმო სანქციები ვინც გადაიხადა, რამდენი იყო დაჯარიმებული მართლაც ამ ერთთეთრიანი და ორთეთრიანი სხვაობების გამო. ვინც იმის გამო იყო დაჯარიმებული, რომ, მაგალითად, არ ჰქონდა შესაბამისი საპენსიო შენატანი განხორციელებული - ეს გასაგებია და ამ შემთხვევაში შეიძლება არც ვისაუბროთ თანხის დაბრუნებაზე.

ხოლო თუ მოხდება იმ მეწარმეებისა და ბიზნესების იდენტიფიცირება, რომელთაც მართლაც ორთეთრიანი ან მცირე დროითი ცდომილებიდან გამომდინარე ჰქონდა ეს ჯარიმები - მათ საპენსიო ბალანსზე რომ დაბრუნდეს ეს თანხები - ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო და სამართლიანი ვერსია იმ მეწარმეების და ბიზნესების მიმართ, ვინც თავის დროზე, ეს საჯარიმო სანქციები გადაიხადა“ - განმარტავს სალომე ოდიშარია.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად მცირდება საპენსიო შენატანების დაგვიანებასა თუ ხარვეზებზე დაწესებული ჯარიმები - კერძოდ, 500-ლარიანი სანქცია 300 ლარამდე მცირდება, ხოლო მისი გაორმაგების მექანიზმი უქმდება. გარდა ამისა, წესდება 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ტექნიკური თუ მცირე ცდომილებები (მათ შორის, რამდენიმე თეთრიანი სხვაობები) საჯარიმო სანქციების გარეშე აღმოფხვრან.

დღეის მდგომარეობით, 4 000-ზე მეტ დამსაქმებელს 13 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა აქვს დარჩენილი, რაც ახალი კანონით ჩამოეწერებათ ან შეუმცირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები