მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ამნისტია და ახალი წესები - ზურაბ ძნელაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების ხარვეზებსა და შესაძლებლობებს აფასებს

ზურაბ ძნელაშვილი

საპენსიო ჯარიმების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესს საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, რეფორმის საბოლოო ეფექტიანობას პრაქტიკა და კერძო სექტორის მზაობა აჩვენებს. ამის შესახებ BMG-სთან იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი საუბრობს.

მისი შეფასებით, ცვლილებათა პაკეტს გარკვეული საკითხები აკლია, მათ შორის ის, რომ კანონპროექტში არ არის მკაფიოდ გაწერილი დავების განხილვის ორგანოს (სასამართლოსა თუ საპენსიო ფონდის) მოქმედების წესი.

„სასურველია კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მიმდინარე დავების განხილვა შეჩერდეს 2026 წლის 31 დეკემბრამდე. თუ პირმა ისარგებლა ამნისტიით და დაფარა დავალიანება, დავა უნდა შეწყდეს, ხოლო თუ არ ისარგებლა - განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს,“ - განმარტავს ძნელაშვილი BMG-სთან.

კანონპროექტში საურავს ეწოდა „მონაწილის მიუღებელი სარგებელი“, რაც, ძნელაშვილის თქმით, შინაარსობრივად სწორი და გამართლებულია, რადგან, დროულად გადაუხდელი თანხით, დასაქმებულმა ვერ მიიღო საინვესტიციო შემოსავალი.

თუმცა, იურისტი აკრიტიკებს გამოთვლის წესს - ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს + 5 პროცენტული პუნქტი, ყოველი წინა დღის სარგებლის გათვალისწინებით.

„გამოთვლის მექანიზმი საშუალო სტატისტიკური მეწარმისთვის რთულად აღქმადი და გაუნჭვრეტადია. გარდა ამისა, ფორმულირება 'ყოველი წინა დღის სარგებლის გათვალისწინებით' აჩენს რისკს, რომ სარგებელს დაერიცხოს სარგებელი - რთული პროცენტი, რაც პრინციპულად არასწორია და გასასწორებელია.

საშუალოსტატისტიკურ მეწარმეს ხომ უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ, ვთქვათ, თუ დღეს გადააცილა და ერთი კვირა ვერ გადაიხადა საპენსიო შენატანი, რამდენი დაუგროვდება. რა იგულისხმება, რამდენი ერიცხება, როგორ უნდა გაარკვიოს ეს?“ - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რამდენიმე პრაქტიკული გარემოება, მათ შორის, ის, რომ უკვე გადახდილი ჯარიმები დაბრუნებას არ ექვემდებარება; კომპანიებს არ დასჭირდებათ საპენსიო ფონდისთვის სპეციალური განცხადებით მიმართვა - ფონდი მონაცემთა ბაზების საფუძველზე, დავალიანების დაფარვისთანავე, ავტომატურად გააუქმებს ჯარიმებს; ხოლო 2026 წლის 31 დეკემბრამდე იძულებითი აღსრულების პროცედურები ჩერდება. თუ კომპანია აღნიშნულ ვადაში არ დაფარავს ძირითად დავალიანებას, იგი კარგავს ამნისტიის უფლებას და აღსრულება განახლდება.

„პრაქტიკა აჩვენებს, ბიზნესი რამდენად ადეკვატურად შეხვდება ამ ცვლილებებს და რამდენად გაითვალისწინებს. მე მგონი, დღეს აღარ დარჩა არცერთი ადამიანი, ვინც ვერ გაიგო ამ საპენსიო ჯარიმების სიმძიმე და ამ ამნისტიის სიახლე. უკვე ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო გადმოდგა ნაბიჯი ამ ჯარიმების გაუქმების კუთხით, შეამცირა კიდეც ჯარიმები მომავალი პერიოდისთვის და გვითხრა, რომ ‘აღარ გაპატიებთ იგივეს’. ვფიქრობ, რომ არსებული კანონპროექტი იძლევა უკვე ნორმალურ ვითარებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას. თუ პრაქტიკაში კიდევ რამე ხარვეზი გამოვლინდა, რა თქმა უნდა, პარლამენტი აქ არის და კიდევ შეიძლება ინიციატივის დაყენება და მომავალში გასწორება“ - განამრტავს ძნელაშვილი.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დამსაქმებლებისთვის საპენსიო ჯარიმების ამნისტიასა და სანქციების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანისა და საურავის გადახდის ვალდებულება კვლავ დარჩენილი აქვს 4 673 დამსაქმებელს (ჯამში 23.5 მლნ ლარის ოდენობით), რომელთაც 13.4 მლნ ლარის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები