“ამნისტიის აქტი უპირობო არ არის და ბიზნესი არ უნდა დაელოდოს ჯარიმების ავტომატურ გაუქმებას”- იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ დამსაქმებელმა საპენსიო შენატანების ამნისტიით სარგებლობისთვის 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად უნდა დაფაროს ძირითადი საპენსიო შენატანის ვალდებულება და დარიცხული საურავი.
ზურაბ ძნელაშვილის შეფასებით, ამნისტიასთან ერთად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით პრაქტიკულად ყველა სისტემური ხარვეზი აღმოიფხვრა, მათ შორის გაუქმდა არაპროპორციული 500 და 1000-ლარიანი სანქციები. ახალი წესით, ჯარიმა შეადგენს ფიქსირებულ 300 ლარს და განმეორებითი დარღვევისას აღარ ორმაგდება.
ზურაბ ძნელაშვილის ინფორმაციით, იმ კომპანიებს, რომელთაც 18 სექტემბრამდე უკვე დაფარული ჰქონდათ ძირითადი შენატანი და საურავი, ხოლო ჯარიმის ნაწილში დავა ჰქონდათ, ჯარიმები სისტემაში ავტომატურად უკვე გაუნულდათ.
იურიდიული კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, თუ კომპანია 31 დეკემბრამდე დაფარავს ძირითად დავალიანებასა და საურავს, ჯარიმები ავტომატურად ჩამოეწერება — საპენსიო ფონდში, აღსრულების ბიუროსა თუ სასამართლოში დამატებითი მიმართვის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირობა არ შესრულდება, ბიზნესი დაკარგავს შანსს და 2027 წლის 1-ელი იანვრიდან 500 და 1000-ლარიანი ჯარიმების იძულებითი აღსრულება გაგრძელდება.
“მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ამნისტიის აქტი არ ვრცელდება საპენსიო შენატანის ვალდებულებაზე, [განუხორციელებელ საპენსიო შენატანებს ვგულისხმობ] და საურავზე. საურავის ჩამოწერა არ ხდება და რატომ? ლოგიკურია, ხომ, იმიტომ რომ საურავი არის რეალურად, თავისი არსით მიუღებელი სარგებელი, რომელიც მიდის არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ თვითონ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ანუ თითოეული დასაქმებულისთვის. რაც უნდა გადაეხადა დამსაქმებელს და არ გადაიხადა და მასზე დაგროვდა მიუღებელი სარგებელი. შესაბამისად, მას სახელმწიფო ვერ ჩამოწერს, ეს არ არის სახელმწიფოს ფული, ეს არ არის ბიუჯეტის ფული და რაც არ არის მისი, იმას ვერ ჩამოწერს. ანუ ეს არ ეხება საურავს და საპენსიო შენატანს.
მეორე მთავარი პირობა ამ ამნისტიის არის ის, რომ პირმა 31 დეკემბრამდე, ანუ წელს, უნდა დაფაროს ეს საპენსიო შენატანის ვალდებულება თავის საურავთან ერთად. ესეც ძალიან ლოგიკურია, რომ უპირობო არ არის ეს ამნისტია, ვინაიდან სახელმწიფომ ერთგვარი ბალანსი დაიცვა დამსაქმებელსა და დასაქმებულის ინტერესებს შორის. გასაგებია, რომ დამსაქმებლებს მძიმე ტვირთად აწვებოდა ეს ჯარიმები და გადადგა ნაბიჯი სახელმწიფომ და თქვა, რომ მე ამ ჯარიმებს გაპატიებთ, მაგრამ იქვე არ უნდა დაგვავიწყდეს დასაქმებულების ინტერესებიც, ხომ, იმიტომ რომ ეს საპენსიო შენატანები მათ პერსონალურ, მათ ინდივიდუალურ ანგარიშზე ისახება და როდესაც ისინი საპენსიო ასაკს მიაღწევენ, მათ უნდა მიიღონ ეს თანხა. შესაბამისად, მათი ინტერესების გათვალისწინებაც მოხდა ერთგვარად, როდესაც სახელმწიფომ თქვა, რომ შენ დამსაქმებლების საპენსიო შენატანები შეიტანე, რაც შესატანი გაქვს, თავის სარგებელთან ერთად და შემდეგ მე უკვე მზად ვარ, რომ ჯარიმა ჩამოგაწერო.
რაც შეეხება მექანიზმს, როგორ ხდება: ვისაც 18 სექტემბრამდე უკვე დაფარული ჰქონდა საპენსიო შენატანის და საურავის ნაწილში ვალდებულება და მხოლოდ ჯარიმა ჰქონდა დარჩენილი, იმიტომ რომ არ ეთანხმებოდა და გასაჩივრებული ჰქონდა, ასეთ პირებს უკვე გაუნულდათ ჯარიმა. გადამოწმებული მაქვს ჩემს რამდენიმე კლიენტთან მიმართებაში და უკვე განულებული არის ჯარიმა, ვინაიდან მათ უკვე დაფარული ჰქონდათ საპენსიო შენატანის და საურავის ვალდებულება.
რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც არ ჰქონდა საპენსიო შენატანი დაფარული და საურავი, მათ მიეცათ 31 დეკემბრამდე ვადა, რომ ეს დაფარონ. თუ ისინი ამ ვადაში დაფარავენ ვალდებულებას ჯარიმები ავტომატურად ჩამოეწერებათ, მიმართვის გარეშე. არ სჭირდება მიმართვა მას არც საპენსიო ფონდში, არც აღსრულების ბიუროში და არც სასამართლოში”,-აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
შეგახსენებთ, საპენსიო შენატანების ამნისტია 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს შეეხება, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.
























