მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო bm.ge-ის პასუხობს: 560 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შევიძინეთ

5e5e8ee7312ad
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.20 21:01
4865
სახელმწიფო საპენსიო სააგენტო BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ შემცირდა სებ-ში მათ მიერ განთავსებული თანხა თებერვლის ბოლოს 236 მლნ ლარით, პასუხობს, რომ გასული თვის განმავლობაში, საპესიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და კომერციულ ბანკებსა და სებ-ში არსებულ ანგარიშებზე არსებული თანხიდან - 560 მილიონი ლარი სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსდა. 

ამასთანავე, ირკვევა, რომ სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ დროებით - ერთი თვის ვადით მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სტატუსი მიანიჭა დავით წიკლაურს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციები განახორციელა. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სადეპოზიტო სერტიფიკატების წლიური განაკვეთი 14.9%-ს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს განცხადება:

"საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე თვის განმავლობაში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5 წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია),"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საპენსიო სააგენტოში დასაქმებულთა მიერ განხორციელებული კონტრიბუციების ჯამური ოდენობა 2020 წლის მარტის მდგომარეობით 615 მლნ ლარს შეადგენს. 

დღეს BMG-იმ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საპენსიო სააგენტოს მიერ სებ-ში განთავსებული თანხის მოცულობის ცვლილებას ასახავდა სტატია მოამზადა. სებ-ის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოს მიერ მათთან გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხა 2020 წლის 28 თებერვალს 236 მილიონი ლარით შემცირდა. ამ შემცირების მიზეზის დასადგენად, BMG-იმ საპენსიო სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ თანხით სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენა მოხდა.