მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს სპეციალური დეპოზიტარი სავარაუდოდ, “საქართველოს ბანკი” იქნება

5fe20bdd1ce81
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.20 19:24
2635
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევ კონკურსში საუკეთესო განაცხადად “საქართველოს ბანკის” მიერ წარდგენილი შეთავაზება დაასახელა. საინვესტიციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ “საქართველოს ბანკმა” შესარჩევ პროცესში გაიმარჯვა, არამედ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ სააგენტო ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებებს სწორედ “საქართველოს ბანკთან” განაგრძობს. მხარეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, სააგენტო მოლაპარაკებას მეორე საუკეთესო კანდიდატთან გააგრძელებს.

სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი საპენსიო სააგენტომ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, მას შემდეგ კი, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი არაერთხელ გადავადდა.

სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძოდა:

● “Central Depository of Armenia OJSC”
● “ საქართველოს ბანკი”
● “ თიბისი ბანკი”

საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კონკურსში მხოლოდ იმ მონაწილეთა განაცხადების განხილვა მოხდა, რომელთან საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია აქვთ, შესაბამისად, სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარის განაცხადის განხილვა არ მომხდარა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი 1.15 მილიარდ ლარს შეადგენს.