მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

638d99d65bf18
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.22 11:26
770
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.

აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტს მცირედით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით 541.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 22.2%-ით აღემატება. ექსპორტის ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი TOP-საექსპორტო ქვეყნებში მეორე ადგილს იკავებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილეს საექსპორტო საქონელში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რაც მთლიანი ექსპორტის ნახევარია და რეექსპორტს წარმოადგენს.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 245.1 მლნ დოლარი;
2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 21.3 მლნ დოლარი;
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 17.7 მლნ დოლარი;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16.2 მლნ დოლარი;
5. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 16.4 მლნ დოლარი;
6. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 16.2 მლნ დოლარი;
7. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - 11.2 მლნ დოლარი;
8. ფეროშენადნობები - 11.1 მლნ დოლარი;
9. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 10.8 მლნ დოლარი;
10. ცხვრები და თხები ცოცხალი - 10.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 515.7 მლნ დოლარი გავიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.2%-ია. ამგვარად აზერბაიჯანმა იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან ყველაზე მეტი თანხა ნავთობის აირებისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გავიდა.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 267.5 მლნ დოლარი;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 50.8 მლნ დოლარი;
3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 43.1 მლნ დოლარი;
4. ცემენტი - 31.3 მლნ დოლარი;
5. ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 19.7 მლნ დოლარი;
6. ელექტროენერგია - 9.6 მლნ დოლარი;
7. შაქარი - 7.1 მლნ დოლარი;
8. თაბაშირი, ანჰიდრიტი ბათქაში - 5.7 მლნ დოლარი;
9. მსუბუქი ავტომობილები - 5.3 მლნ დოლარი;
10. ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 4.1 მლნ დოლარი.