მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა $1.3 მლრდ იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში?

63d781f1b53f4
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 10:45
944
2022 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიხედვით, აზერბაიჯანი TOP-5 უმსხვილეს პარტნიორს შორისაა. გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 314 მლნ დოლარი შეადგინა და აზერბაიჯანმა უმსხვილესი პარტნიორების რეიტინგში, 6.9%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს რეკორდული იყო. 2021 წლის ექსპორტ-იმპორტთან შედარებით 2022 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 3.9%-ით მეტი იყო.

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის მონაცემები იმპორტისას აღემატებოდა. 2022 წლის განმავლობაში საქართველომ ჯამურად აზერბაიჯანში საქონლის რეალიზებით 672 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 26.5%-ით აღემატება. გასული წლის განმავლობაში ექსპორტირებული საქონლის თითქმის ნახევარი რეექსპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის და მისი წილი მთლიან ექსპორტში 45.8%-ია.

TOP-10 ექსპორტირებული საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 308.4 მლნ დოლარი;
2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო - 25.8 მლნ დოლარი, 1 702 ტონა;
3. ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 22.9 მლნ დოლარი, 7 698 ტონა;
4. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 22.4 მლნ დოლარი, 662 ტონა;
5. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 19.6 მლნ დოლარი, 836 ტონა;
6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17.8 მლნ დოლარი, 11 774 ტონა;
7. ფეროშენადნობები - 12.6 მლნ დოლარი, 7 200;
8. ცოცხალი ცხვრები და თხები - 12.4 მლნ დოლარი, 5 376 ტონა;
9. სატვირთო ავტომობილები - 12.4 მლნ დოლარი;
10. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 11.8 მლნ დოლარი, 17 547 ტონა.

აზერბაიჯანში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების გარდა, საქართველოდან გასულ წელს მეზობელ ქვეყანაში ასევე დიდი მოცულობით სატელეფონო აპარატები, ალაოს ექსტრაქტები, საფეიქრო ბამბა, საფეიქრო მასალებისგან ბამბა, შაქრის დანამატიანი მინერალური წყლები, ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა, ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით და სხვა საქონელი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის განმავლობაში აზერბაიჯანში საქონლის შესაძენად ჯამში 642 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის იმპორტთან შედარებით 7.3%-ით არის გაზრდილი. შედეგად, მეზობელმა აზერბაიჯანმა იმპორტის მიხედვით უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის 7.3%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. უმსხვილესი იმპორტირებული საქონელი კი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო.

TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 348.7 მლნ დოლარი, 1 841 804 ტონა;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 51.4 მლნ დოლარი, 59 273 ტონა;
3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 49.4 მლნ დოლარი, 68 681 ტონა;
4. ცემენტი - 40 მლნ დოლარი, 715 311 ტონა;
5. ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი - 19.7 მლნ დოლარი, 49 491;
6. ელექტროენერგია - 9.6 მლნ დოლარი;
7. შაქარი - 8.7 მლნ დოლარი, 13 011 ტონა;
8. თაბაშირი, ანჰიდრიტი, ბათქაში - 7.2 მლნ დოლარი, 236 357 ტონა;
9. მსუბუქი ავტომობილები - 6.4 მლნ დოლარი;
10. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 5.8 მლნ დოლარი, 3 465 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები