მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა - ექსპორტი 658%-ით გაიზარდა

641ac51ef0762
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.23 13:15
1257
საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ათი წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია და 47.3 მლნ დოლარს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ იანვარ-თებერვალში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში თითქმის განახევრებულია და 115.8 მილიონ დოლარს შეადგენს. საექსპორტო ქვეყნების ათეულში ამ პერიოდში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ორი ბულგარეთი და ესპანეთი მოხვდა. ამასთან, ესპანეთის მიმართულებით ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, ბულგარეთში კი შემცირდა.

მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ესპანეთმა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის 2.4%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთის მიმართულებით ექსპორტი 658%-ით გაიზარდა. შედეგად საქართველომ საქონლის რეალიზებით 21 მილიონ 602 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

წლის დასაწყისში ესპანეთში გაყიდული საქონლის ჩამონათვალი არც ისე მრავალფეროვანია და სულ 10 დასახელების პროდუქტს მოიცავს. ამასთან ექსპორტის ძირითადი წილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა, რომლის რეალიზება ამ ქვეყანაში 1 054%-ით გაიზარდა. ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 18.2 მლნ დოლარი, 8 849 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.3 მლნ დოლარი, 724 ტონა;
3. თხილი და სხვა კაკალი - 1.2 მლნ დოლარი, 214 ტონა;
4. ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები - 254 ათასი დოლარი, 214 ტონა;
5. მანგანუმის ოქსიდები - 190 ათასი დოლარი, 225 ტონა;
6. ფეროშენადნობები - 177 ათასი დოლარი, 199 ტონა;
7. რეზინის პნევმატური სალტეები - 89 ათასი დოლარი, 11 ტონა;
8. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 17 ათასი დოლარი;
9. ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასებისაგან - 15 ათასი დოლარი, 6 ტონა;
10. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 7 ათასი დოლარი.

2023 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ესპანეთიდან საქონლის იმპორტი ასევე რეკორდული იყო. ჯამში ამ პერიოდში საქართველომ 25 მილიონ 690 ათასი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 30.2%-ით აღემატება. იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი, ექსპორტირებულთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი წილი ხუთ სასაქონლო ჯგუფზე მოდის.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

1. მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილები - 4.5 მლნ დოლარი, 7 106 ტონა;
2. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 1.5 მლნ დოლარი, 34 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 1 მლნ დოლარი;
4. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 958 ათასი დოლარი, 20 ტონა;
5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 954 ათასი დოლარი, 14 ტონა;

გარდა ამისა, ესპანეთიდან საქართველოში კიდევ ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები, კალმები და გადანაწვენები, შავი ლითონებისაგან ცისტერნები, კასრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები, მამაკაცისა ან ბიჭისა კოსტუმები, აზოტოვანი სასუქები, დამზადებული ან დაკონსერვებული ბოსტნეული და სხვა საქონელი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები