2023 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში გაიზარდა როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი. სავაჭრო საქონელში კი პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომელიც ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანების გაზრდილი იმპორტ-რეექსპორტმა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი გარკვეულწილად დააკორექტირა.
2023 წელს უმსხვილეს სავაჭრო მიმართულებებს შორის ყირგიზეთი ის ქვეყანა გახდა, სადაც ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ცენტრალური აზიის ამ მიმართულებამ მთლიან ვაჭრობაში 3.3%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა. ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტის ხარჯზე 700.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველო-ყირგიზეთის ვაჭრობის ისტორიაში ექსპორტ-იმპორტი ასეთი მოცულობითი არასდროს ყოფილა.
ყირგიზეთთან სავაჭრო სალდო დადებითია და ვაჭრობაში ძირითადი წილი ექსპორტს უკავია. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის ყირგიზეთში გაყიდული საქონლის ღირებულება 642%-ით 695.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყანამ, საექსპორტო მიმართულებების რეიტინგში 11.4%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ყირგიზეთში საქართველოდან მთავარი საექსპორტო საქონელი ავტომობილებია და ამავე დროს ავტომობილების რეექსპორტშიც პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, ანუ ეს ის ქვეყანაა, სადაც 2023 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა. სტატისტიკის მიხედვით, ყირგიზეთში ექსპორტის 88.8% სწორედ ავტომობილებზე მოდიოდა. გასულ წელს 617.9 მლნ დოლარის 16,831 ავტომობილი გაიყიდა. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტი 755%-ით გაიზარდა. 1 ავტომობილის საშუალო ფასმა კი 36,713 დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - $617.9 მლნ, 16 831 ცალი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $49.8 მლნ, 3 349 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $3.5 მლნ, 42 ტონა;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $3.4 მლნ, 32 ცალი;
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - $3.1 მლნ, 1 406 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $3.1 მლნ, 300 ტონა;
- მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა - $1.8 მლნ, 446 ტონა;
- ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი - $1.8 მლნ, 12 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები - $1.3 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $1.1 მლნ, 1 297 ტონა;
BM.GE-იმ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც გასულ წელს ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტს ახორციელებდნენ. უმსხვილესი ექსპორტიორების TOP-5-ეული ასეთია:
შპს ბი თუ ბი;
შპს გრანდი 2022;
შპს თბ ექს;
შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
შპს ჯეო როუდი.
რაც შეეხება იმპორტს, ყირგიზეთიდან საქართველოში იმპორტი 18.3%-ით 4.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც ასევე ქვეყნების ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ყირგიზეთიდან მთავარი საიმპორტო საქონელი თხილია.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- თხილი და სხვა კაკალი - $1.9 მლნ, 663 ტონა;
- პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - $1.2 მლნ, 2 504 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $297 ათასი, 271 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $276 ათასი, 4 ცალი;
- საოფისე მოწყობილობები - $236 ათასი;
- ნათურები ვარვარის ელექტრული ან აირგანმუხტვის - $221 ათასი, 60 ტონა;
- სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - $217 ათასი, 81 ტონა;
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი - $70 ათასი, 176 ტონა;
- მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად - $69 ათასი, 8 ტონა;
- ლენტები საბეჭდი მანქანებისათვის ან ანალოგიური ლენტები - $35 ათასი.
უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP-5-ეულს კი ეს კომპანიები წარმოადგენენ:
სს ჯორჯიან ქარდი;
შპს ბანცო;
შპს მირორი 1;
შპს სივრცე 123;
შპს ჯითიჯი კომპანი;