2025 წლის იანვარში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 7%-ით 203 მილიონ 263 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც ძირითადად იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლებითაა განპირობებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ 10.1%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.
როგორც აღვნიშნეთ, ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებელი რუსეთიდან საქონლის იმპორტის ზრდას უკავშირდება. იანვარში საქართველომ რუსეთიდან 169.2 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა, რაც გასული წლის იმპორტს 14%-ით აღემატება. ამგვარად რუსეთმა იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა და ის აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს ჩამორჩება.
რუსეთიდან 2025 წლის პირველ თვეში გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $55.3 მლნ, 78 266 ტონა;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $37.9 მლნ, 141 968 ტონა;
- მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც ტემპერატურის ცვლილებაა გამოყენებული - $8.4 მლნ, 1 682 ტონა;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $5 მლნ, 9 859 ტონა;
- ხორბალი და მესლინი - $4.7 მლნ, 19 451 ტონა.
- ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები - $3.2 მლნ, 27 340 ტონა;
- დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი - $3 მლნ, 13 590 ტონა;
- ნახშირწყალბადები ციკლური - $2.8 მლნ, 4 900 ტონა;
- მზესუმზირის ზეთი - $2.7 მლნ, 2 115 ტონა;
- ცოცხალი ღორები - $2.2 მლნ, 1 626 ტონა;
იანვარში რუსეთში ექსპორტი 18.2%-ით შემცირდა და ქვეყნიდან ამ მიმართულებით 34 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა 8.4%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში ექსპორტის კლება ძირითადად - ადგილობრივად წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, ლიმონათების, ციტრუსების და ფეროშენადნობების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.
Top-10 ექსპორტირებული საქონელი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.9 მლნ, 2 561 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $6.7 მლნ, 12 435 ტონა;
- ეთილის სპირტი - $5.1 მლნ, 1 136 ტონა;
- კარტოფილი - $2.9 მლნ, 7 612 ტონა;
- მინერალური წყლები შაქრის დანამატებით - $2.4 მლნ, 3 004 ტონა;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები დაკონსერვებული - $2.4 მლნ, 357 ტონა;
- ვაშლი, მსხალი, კომში - $1.5 მლნ, 2 499 ტონა;
- სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $1 მლნ, 86 ტონა;
- ციტრუსები - $983 ათასი, 1 523 ტონა;
- სანელებლები - $621 ათასი, 118 ტონა.