მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა $848.4 მლნ-მდე შემცირდა - რით ვვაჭრობთ მეზობელ სახელმწიფოსთან?

ვაჭრობა

2024 წლის 8 თვეში აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 5.8%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს. წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 848 მილიონ 401 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად ექსპორტ-იმპორტის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელი წლიურად 13.4%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ნაწილში. ამასთან, საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება.

წლის ამ მონაკვეთში ექსპორტის შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანი საექსპორტო მიმართულებების რეიტინგში, ყირგიზეთისა და ყაზახეთის შემდეგ, 11.4%-იანი, წილით მესამე ადგილს იკავებს. იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში საქონლის გაყიდვით 475 მილიონ 980 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 16.2%-ით ჩამორჩება.

აზერბაიჯანთან ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილებია, რაც სრულად რეექსპორტს წარმოადგენს. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტის შემცირება სწორედ ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ განაპირობა. 8 თვეში აზერბაიჯანში საქართველოდან 35.7%-ით ნაკლები ღირებულების ავტომობილები გავიდა.

აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $190.7 მლნ, 9 132 ცალი;
  2. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $35 მლნ, 2 375 ტონა;
  3. ტარა ქაღალდი - $26.1 მლნ, 1 594 ტონა;
  4. სატვირთო ავტომობილები - $22.7 მლნ, 2 395 ცალი;
  5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $16.9 მლნ, 392 ტონა;
  6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - $14.5 მლნ, 14 945 ტონა;
  7. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $13.9 მლნ, 23 855 ტონა;
  8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $11.8 მლნ, 10 706 ტონა;
  9. ალაოს ექსტრაქტი - $10.3 მლნ, 695 ტონა;
  10. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - $10.2 მლნ, 713 ტონა;

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 372 მილიონ 421 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 9.6%-ით ჩამორჩება. იმპორტის შემცირებაზე გავლენა ბუნებრივი აირის შესყიდვის კლებამ განაპირობა, რომელიც აზერბაიჯანიდან მთავარი საიმპორტო საქონელია.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $149.4 მლნ, 1 000 454 ტონა;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $71.1 მლნ, 89 950 ტონა;
  3. ცემენტი - $35.6 მლნ, 509 671 ტონა;
  4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - $17.6 მლნ, 1 155 ტონა;
  5. მსუბუქი ავტომობილები - $8.9 მლნ, 89 ცალი;
  6. თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - $8.1 მლნ, 198 457 ტონა;
  7. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $7 მლნ, 11 277 ტონა;
  8. ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $5.4 მლნ, 31 226 ტონა;
  9. მავთულები იზოლირებული, კაბელები - $3.3 მლნ, 1 017 ტონა;
  10. ელექტროენერგია - $3.1 მლნ, 47.738 მლნ კვტ/სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები