მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო covid-ის წინააღმდეგ კარგად რეაგირებს - WHO-ს წარმომადგენელი

5fdc69c394eb8
ინგა მურუსიძე
18.12.20 12:32
632
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველო covid-19-ის წინააღმდეგ ძალიან კარგად რეაგირებს.

მან განცხადება გააკეთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

ჯანმოს წარმომადგენელმა ის სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც საქართველოშია:

1. ერთი მიზეზი არის, ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობასთან, კოვიდ-19-ის საკითხებზე.
2. მეორე მიზანი არის, რომ შევთანხმდეთ, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმების საკითხებზე. აქვე მინდა მივულოცო მინისტრს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა საქართველოში.
3. მესამე მიზანია, გაძლიერდეს ჯანმო-ს საქართველოს ოფისის მუშაობა.

„კოვიდ-19-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება ჯანდაცვის მინისტრი და სამინისტრო, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასე საზოგადოების. ყველას მონაწილეობა იყო აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ დაავადებასთან ბრძოლაში. ვნახე ცხელებს ცენტრები, ონლაინ-კლინიკა, რომელსაც დღეს ვესტუმრე და კოვიდ-სასტუმროები.

ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუ ფოკუსი არ იქნება გადატანილი სხვა მიმართულებით, მაგალითად როგორიც არის კოვიდ-სასტუმროები, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, ვაქცინა არსებობს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, მაგრამ მის ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, ამიტომ ამ გარდამავალ შუალედურ პირობებში მნიშვნელოვანია დადგენილი სტანდარტების და რეგულაციების დაცვა როგორც ევროპის, ისე საქართველოსთვის.

„აუცილებელია ავადმყოფობის დროს დავრჩეთ სახლში, დავიბანოთ ხელები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება მუდმივად. ეს არის ძალიან მარტივი განსახორციელებელი ზომები, არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. თუკი მონაცემებს შევხედავთ, ამ ზომების განხორციელებას დადებითი ტენდენცია აქვს საქართველოში“, - აღნიშნა მან.

18-22 დეკემბერს საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის მასპინძელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პრიორიტეტული საკითხების მიმოხილვა, საქართველოსა და WHO ევროპის ოფისს შორის შორის COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლასთან და 2020-2025 წლების ევროპულ სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის განმავლობაში ჰანს კლუგე შეხვდება მთავრობის ოფიციალურ პირებს, ქვეყანაში პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელ ძირითად უწყებებს, ასევე ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იგი COVID-19 სასტუმროსა და კლინიკასაც ეწვევა.