ახალი კვლევის თანახმად, ევროპის კონტინენტზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ცხოვრობს რეგიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დასაშვებ დონეს აღემატება.
ISGlobal-ის (Barcelona Institute for Global Health) გუნდმა ევროპის 35 ქვეყნის 1400 რეგიონში 2003-2019 წლებში დაბინძურების დონეები შეისწავლა. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც 543 მილიონ მცხოვრებს აერთიანებს.
კვლევა ადასტურებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჰაერში დიდი და მცირე მყარი ნაწილაკების (PM2.5-სა და PM10-ის), ასევე აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია შემცირებულია. მათ შორის, განსაკუთრებული გაუმჯობესება PM10-ისა და NO2-ის შემცირებით დაფიქსირდა.
თუმცა კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმო-ს რეკომენდაციებს აღემატება.
კერძოდ, კვლევის თანახმად, ევროპელთა 98% ცხოვრობს რეგიონებში, სადაც PM2.5-ის კონცენტრაცია არაჯანსაღ დონეზეა. კვლევის ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250 000-მდე ადამიანის ნაადრევ გარდაცვალებას, სწორედ მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებები, მათ შორის, გულის შეტევა და დიაბეტი იწვევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიზეზით გარდაცვალების შემთხვევები 2005-2021 წლებში 41%-ით შემცირდა.
ასევე, ევროპელთა 80%-სთვის ჰაერში არაჯანსაღ დონეზეა PM10-ის კონცენტრაცია, 86%-სთვის კი - NO2-ის.
ამავე დროს, მყარი ნაწილაკებით დაბინძურების ყველაზე საგანგაშო დონე ჩრდილოეთ იტალიაშია. ანალოგიური პრობლემებია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.