მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი - ვაჭრობის დინამიკა (ივნისი)

5f1d72824b3fe
ეგნატე შამუგია
27.07.20 09:45
2205
• იანვარ-ივნისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 16.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 19.1%-ით. ივნისის მდგომარეობით, მაისისგან განსხვავებით ექსპორტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, ხოლო იმპორტის - პირიქით.
• იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 24.0%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 9.1% შეადგინა.
• მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის შემცირება ყველაზე დიდი ნიშნული მარტსა და აპრილში დაფიქსირდა.
• ივნისში, წინა თვესთან შედარებით , რეგიონის ძირითად საექსპორტო ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტი 11.7%-ით გაზრდილია, რაც მაისში, აპრილთან შედარებით 7.3%-ით მეტი იყო.

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. 2017-2018 წლებში კი წმინდა ექსპორტი წილი 4.0 და 3.3 პ.პ.-ები იყო. მიმდინარე წლის ხუთი თვის მაჩვენებლით კი საქართველოს 5.4%-ით შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის, დაახლოებით, ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.



2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს. გასულ თვეს კი ამ უკანასკნელის ფასი საშუალოდ 41 დოლარამდე ნიშნულს იკავებდა.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 46.5%. თუმცა, მიმდინარე წლის პირველი ნახევარში ექსპორტის წილი 59.3%-მდეა შემცირებული. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. უშუალოდ ამ ორი საქონლიდან მთლიანი ექსპორტის 54.4% რუსეთის წილია (მათ შორის, ღვინო 59.8%) სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, სადაც ექსპორტირებული სპილენძის მადნების 40.5% გადის. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში ერთადერთი საექსპორტო საქონელი, რადგან მისი წილი 92.8%-ს იკავებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს - ამ ქვეყნებში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხდება და სწორედ ესაა ძირითადი საქონელი, რომელიც მათ ბაზარზე გადის. აღნიშნულის გარეშე, ამ ორ ქვეყნაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.



2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3 -ს აღემატება. რეგიონიდან კი I უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.2%-იან წილს იკავებს.  იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უჭირავს.  თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება.  მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.1%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტი 31.0%-ითაა შემცირებული. მათ შორის ნავთობპროდუქტების ექსპორტი 8.9%-ით ნაკლებია. ხოლო ამავე პერიოდში იმპორტის 28.7%-იანი კლებაა.  აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან იანვარ-მაისში აღნიშნული საქონლის კლება უფრო მეტი იყო. 

მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს.  მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში  83.2%-იანი სწორედ რუსეთის წილია.  მიმდინარე წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია.  2020 წლის იანვარ-მაისში რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 22.5%-იანი კლება, ხოლო იმპორტის 6.8%-იანი იყო.  ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა  ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ნედლი ნავთობის შემცირება 32.6% იყო, ხოლო ცალკე ბუნებრივი აირის კი  - 52.6%. ამ უკანასკნელის ძირითადი მომხმარებელი ევროკავშირის ქვეყნებია, საიდანაც იანვარ-აპრილთან შედარებით მოთხოვნა უფრო მეტად შემცირებულია.  

საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს.  მიმდინარე წელის იანვარ-მაისში სომხეთის ექსპორტი 8.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი  - 12.8%-ით. ჯამში, ხუთი თვის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 11.2% -ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.  სომხეთში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შემცირება გაცილებით უფრო მაღალი აპრილის თვეში იყო, რაც მაისში შედარებით გაუმჯობესებულია.



რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია.  თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს.  2020 წლის იანვარ-მაისში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.1%-ით შემცირდა. მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში 8.9%-ით.  ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი -12.7%-იანი კლება იყო. 

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი, მიმდინარე წლის იანვარ-მასში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთის ექსპორტის 1.2%-იანი ზრდაა. აღნიშნული ქვეყნებიდან კი, სავაჭრო ბრუნვა ყველაზე მეტად აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და უზბეკეთში შემცირდა, რაც, ერთი მხრივ, ნავთობის ფასის შემცირებას და მეორე მხრივ, გლობალურად შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ნავთობზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 18.2%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის 16.0%-იანი, ხოლო იმპორტის 19.1%-იანი კლება დაფიქსირდა.  ბოლო ოთხთვიან  პერიოდში ექსპორტის ყოველთვიური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 23.4% -ით მცირდება, ხოლო იმპორტი კი - საშუალოდ 26.3%-ით. ამდენად, მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ექსპორტი შედარებით ნაკლებად შემცირდა, მაგრამ იმპორტის შემთხვევაში კლების ნიშნული უფრო მაღალია. 



ბოლო ორი თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველა თვალსაჩინო აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთში იყო. შემცირება აზერბაიჯანი და სომხეთის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. საქართველოდა აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება ივნისში 22.7%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი მხოლოდ 5.2%-იანი კლებაა. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთის კუთხით, სადაც ამავე პერიოდში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 41.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ივნისში ექსპორტის კლება წინა მასში არსებულთან შედარებით ნაკლები, 48.1% იყო.   



მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 28.1%-ით შემცირდა. ივნისში ექსპორტის შემცირება 28.0% იყო. ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების კლება, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე დიდი მარტში, 43.0% დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 38.9%-ით ნაკლებია, მაგრამ ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით უკეთესი, ვიდრე წინა თვეებში.   თუმცა, რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში არ შემცირებულა და პირიქით, 9.1%-ით გაიზარდა, ეს ქვეყანა ბულგარეთია. 

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც შემცირდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (15.4%), რუმინეთში (85.2%) , უზბეკეთში (34.8%), ყირგიზეთში (78.9%) და ყაზახეთში (44.5%) შემცირდა. 2019 წელს აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიან ექსპორტის 16.2%-ს შეადგენდა. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - საქონლის სახეები

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები (17.3%), ფეროშენადნობები (8.0%), ყურძნის ღვინოები (5.9%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (4.6%) და მინერალური წყლებია (3.5%). ჯამში, ეს ხუთი საექსპორტო საქონელი მთლიანი ექსპორტის 39.4%-ს იკავებს, ხოლო მათი გატანა კი უმეტესად რეგიონის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ხდება. აღნიშნული პროდუქცია არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ ისტორიულად უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც ადრეული პერიოდიდან სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. 



მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ოთხის ექსპორტი შემცირებულია. მათგან მხოლოდ სპილენძის მადნების ექსპორტია გაზრდილი. კერძოდ, იანვარ-ივნისში აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის ზრდა 8.3%-ია, რაც მხოლოდ ივნისში 62.8%-ით გაიზარდა. საქართველოდან სპილენძის მადნების ყველაზე დიდ იმპორტიორი ქვეყანა ბულგარეთია, რომელიც ამ უკანასკნელის ექსპორტში 40.5%-იანი წილი უჭირავს. 

2020 წლის პირველ ნახევარში, პროცენტულად ყველაზე დიდი შემცირება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ნაწილშია, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ უკანასკნელის ექსპორტი 56.9%-ით შემცირდა.  რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტოს საქონელი - ფეროშენადნობები ივნისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80.0%-ით შემცირდა. შედეგად, აღნიშნულის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 34.3%-ითაა შემცირებული.  ამავე პერიოდში მინერალური წყლების ექსპორტი 24.5%-ით და ღვინის 6.0%-ითაა ნაკლებია.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. საქართველო ისტორიულად ევროპის და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, რომლებიც  ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნებია.  მათგან კი პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება.  ამდენად, მიმდინარე წელს რეგიონის სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესება არამხოლოდ პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასაც უკავშირდება. 

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი, იანვარ-მაისთან შედარებით ექსპორტი 0.2 პ.პ. -ით ნაკლებით, 16.0%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი, პირიქით, 2.1 პ.პ.-ით მეტი, 19.1%-ით ნაკლებია. ეს ივნისის თვეში იმპორტის კუთხით გაუმჯობესებულ მგომარეობაზე მიუთითებს. მსგავსად საქართველოსი, რეგიონის ყველა სავაჭრო პარტნიორის ბრუნვა შემცირებულია.