მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: საგარეო ვაჭრობის დინამიკა

5ee224e4a0632
ეგნატე შამუგია
11.06.20 16:45
4076
• იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 11.8%-ით. აღნიშნულ პერიოდში, შემცირება ავტომობილების რეექსპორტს და ნედლეულს უკავშირდება.
• ექსპორტის შემცირება რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, სადაც იანვარ-აპრილში 23.5%-იანი კლებაა.
• რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან იანვარ-აპრილში ექსპორტი (გარდა აზერბაიჯანი და ბულგარეთი) საშუალოდ 45%-ით შემცირდა.
• რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან აპრილის თვეში ექსპორტის შემცირება 43.2%-იანი მაჩვენებლით იყო, ხოლო მთლიანი 27.4%-ით შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში ამ უკანასკნელის წვლილი მეტყველებს. ეს კი ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რამაა. კერძოდ, 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. აქედან გამომდინარე, არსებითად, ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების ჯგუფში შემავალი ეკონომიკებია. მათ რიგებში კი საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიცაა, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. ამ ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი კი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას უჭირავს. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებას რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია.

2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. ამან კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კერძოდ, 2020 წლისთვის განვითარებული ეკონომიკების 6.1%-იანი და განვითარებადის 1.0%-იანი კლებაა პროგნოზირებული. მათ შორის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც 2020 წლამდე 4.4%-იანი ზრდით იყო პროგნოზირებული. მიუხედვად განვითარებული მოვლენებისა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტრანზაქციები - სავაჭრო ურთიერთობები არ შეჩერებულა. ცხადია, შემცირებული მოცულობით, მაგრამ ეკონომიკებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა მიმდინარეობს. სწორედ ასეთ არაორდინალურ მდგომარეობის პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ საქართველოს სავაჭრო დინამიკა ეკონომიკური რეგიონის წევრ სავაჭრო პარტნიორებთან.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს ათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო ამ ქვეყნებიდან იმპორტი კი - 46.49%. მათგან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 13.3%-ია. მეორე კი რუსეთია, რომლის წილი 13.2%-იან ნიშნულს იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი სომხეთის წილი კი - 10.9%-ს. აღნიშნული სამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3-ს აღემატება. იმპორტის კუთხით, ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი იმპორტის 17.8%-ია, ხოლო რუსეთიდან კი - 10.8%. უფრო ნაკლები, 6.1%-იანი წილი უჭირავს აზერბაიჯანიდან საქონელი და მომსახურების იმპორტს. ამდენად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უშუალო მეზობლები და მათი პარტნიორი რეგიონის ეკონომიკებია. შესაბამისად, რეგიონში არსებული მდგომარეობას ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია.



თავის მხრივ, აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მეტის ექსპორტირებას იტალიაში ახორცილებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტითაა განპირობებული. საერთო ჯამში, აზერბაიჯანიდან იტალიაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 30.2% შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია. აზერბაიჯანის საექსპორტო კალათაში მეორე-მესამე ადგილს თურქეთი და ისრაელი იკავებენ, რომელთა წილი 9.4% და 6.7%-ია. გარდა იტალიისა, აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ახორცილებს. მათ შორის, გერმანია და ჩეხეთი, რომელთა წილი მთლიან ექსპორტში 4.0% და 4.8%-ს იკავებს. საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი - რუსეთის ძირითადი საექსპორტო ქვეყნების კი ჩინეთი (13.4%), ჰოლანდია (10.6%), გერმანია (6.6%) და თურქეთია (5.0%). ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი კი ნავთობი, გაზი და ხორბალია. აქედან დაახლოებით მთლიანი ექსპორტის 55.3% ნავთობისა და გაზის წილია. მიმდინარე წელს აღნიშნული საქონელზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ორივე სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ საგარეო მოთხოვნის ფორმირებაზე უარყოფით გავლენა იქონია, რადგან მათი ადგილობრივი მოხმარების ძირითადი დაფინანსების წყარო სწორედ ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებია.

საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის ძირითად საექსპორტო ქვეყნები კი - რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). აღნიშნულ ქვეყნებში, სომხეთი ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობებს და ოქროს ექსპორტს ახორცილებს, რომელითა წილი სომხეთის მთლიან ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. სომხეთის საექსპორტო კალათაში, გარდა მეტალებისა, გახვეული სიგარეტისა და სპირტიან სასმელების ექსპორტს 16.2%-იანი წილი უჭირავს.





რეგიონის ქვეყნებიდან უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანაა, რომელსაც მთლიან ექსპორტში 6.5%-იანი წილი უჭირავს. თავის მხრივ, უკრაინის სავაჭრო პარტნიორები (ექსპორტის მიხედვით) რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%), გერმანია (4.7%), ჩინეთი (4.6%) და ინდოეთია (4.6%). უკრაინის ექსპორტში ქვეყნების წილის განაწილება მიუთითებს, რომ უკრაინას რეგიონში ყველაზე მეტად დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათა გააჩნია, რადგან საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეულის წილი 20.2%-ია, ხოლო პირველი ათეულის კი - 49.3%. გარდა უკრაინისა, დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობა აქვს თურქეთს, რომლის მთლიანი ექსპორტის 47.6% პირველ ათეულს, ხოლო 20.7% კი პირველ სამეულს უჭირავს. ამ მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია. მთლიანი ექსპორტის 36.3% პირველ სამეულ უჭირავს, ხოლო პირველი ათეულის წილი კი - 71.9%-ია. თუმცა, საქართველოზე ნაკლებად დივერსიფიცირებულია სომხეთის და აზერბაიჯანის ექსპორტი. კერძოდ, სომხეთის ექსპორტის 52.6% პირველი სამ სავაჭრო პარტნიორის წილია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს ნიშნული 46.3%-ს იკავებს. საერთო ჯამში, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორების საექსპორტო ნაწილი შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია. განსაკუთრებით ასეთი ქვეყნები კი - ყირგიზეთ, ყაზახეთი და უზბეკეთია, სადაც მთლიან ექსპორტში პირველი ხუთეულის წილი ½ -ს აღემატება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონის მსხვილი ეკონომიკები ნავთობის წმინდა ექსპორტიორებია, რომელებსაც მთლინად რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნიათ, რადგან რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდროს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ.

ეკონომიკური ზრდა და ნავთობის ფასი

სანამ მიმდინარე პერიოდის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებს მიმოვიხილავთ, მანამდე ვნახოთ ნავთობის ფასსა და ექსპორტს შორის არსებული დამოკიდებულება. ამ უკანასკნელის ფასები კლება კი მარტის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო, რომლის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი ალიანსის ჩამოშლა აღმოჩნდა. აღნიშნულმა ნავთობის მოპოვება (მიწოდება) ზრდა, ხოლო პანდემიამ კი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ნავთობის ფასი ბოლო ათწლეულების მანძილზე ისტორიულად დაბალ ნიშნულებს იკავებს.



საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი იმ რეგიონის ქვეყნებია, რომელთა ნაწილი ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორია. მათ შორის, რუსეთი და აზერბაიჯანი. ამ ორი ქვეყნის წილი კი მთლიან ექსპორტის 26.5%-ია. შესაბამისად, ნავთობზე ფასის ვარდნა აღნიშნული ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებაში აისახება, რადგან ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნებში ფასის კლება ადგილობრივ მოხმარების შემცირებასთანაა ასოცირებული. ამის მიზეზი, კი ეკონომიკაში ნავთობის ინდუსტრიის მაღალი წილია. რუსეთის მიერ განხორცილებული ნავთობისა და გაზის ექსპორტი მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 13.5%-ია, მთლიანი ექსპორტის ½-ზე მეტია. მათ შორის, ნავთობპროდუქტების წილი მთლიან ექსპორტში საშუალოდ 44.1%-ია, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლებში კი - საშუალოდ 23.0%. მსგავსად, რუსეთისა, აზერბაიჯანშიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წილი მაღალია. კერძოდ, ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის ეკონომიკის საშუალოდ 35.7%-ს შეადგენს, რაც მთლიანი ექსპორტის საშუალოდ 91.0%-ია, ხოლო საბიუჯეტოს შემოსავლებში აღნიშნული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლების წილი კი - საშუალოდ 52.7%. თუმცა, ამ ორ ქვეყანას რეგიონის სხვა ეკონომიკებთანაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს, რაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ვაჭრობაზეც უარყოფითად აისახება. ასეთი გამოცდილება კი 2014-2016 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის პერიოდში არსებობს. ამ პერიოდში ნავთობის ფასების კოლაფსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რეგიონის ეკონომიკურ ზრდა და მათ შორის, საქართველოს ზრდის ტემპზეც. კერძოდ, 2011-2013 წლებში რეგიონის საშუალოდ 4.6%-იანი ზრდის ტემპი 2014-2016 წლებში საშუალოდ 1.6%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, საქართველო ზრდის ტემპმა საშუალოდ 2.4 პ.პ. -იანი კლება განიცადა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - თვეები

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია. ესე იგი, უფრო მეტი იმპორტი ხორციელდება, ვიდრე ექსპორტი. როგორც აღვნიშნეთ, ექსპორტის კუთხით ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები რეგიონის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ასევე, ძირითადი საიმპორტო ქვეყნებიც ევროპისა და აზიის მაღალი შემოსავლის არ მქონე რეგიონიდანაა.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში სავაჭრო დეფიციტი, წინა თვეებთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ შემცირდა, რაც იმპორტის უფრო მეტად კლებას უკავშირდება, ვიდრე ექსპორტის. აღნიშნულ პერიოდში, მთლიან ექსპორტმა 223.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 11.4%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 27.4%-ითაა შემცირებული. იმპორტი კი მარტთან შედარებით აპრილში 30.6%-ით და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 38.5%-ით შემცირდა. ჯამში, 2020 წლის პირველი ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 11.6%-ით, ხოლო იმპორტი 11.8%-ითაა შემცირებული.



ცალ-ცალკე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის ექსპორტის დინამიკა განსხვავებულია. კერძოდ, რეგიონის სავაჭრო პარტნიორებიდან, აპრილის თვეში აზერბაიჯანში განხორცილებული საქონელი და მომსახურების ექსპორტი 23.3 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 43.8%-ით ნაკლებია. თუმცა, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ჯამური მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.0%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების მაღალი ზრდის ტემპს უკავშირდება. აზერბაიჯანთან ძირითადი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. აღნიშნული საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 49.8%-ს შეადგენს. შესაბამისად, აპრილის თვეში აზერბაიჯანთან ექსპორტის შემცირება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 72.0%-იანი კლებითაა გამოწვეული. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.7%-ით ნაკლები საქონელი და მომსახურების იმპორტი განახორციელა, ხოლო ექსპორტი კი 16.2%-ით შემცირდა. აღნიშნული გამომწვევი მიზეზი კი ნავთობის ექსპორტის შემცირებაა, რადგან ნავთობპროდუქტების გარეშე ექსპორტირებული სხვა საქონელი და მომსახურების ნაწილში 3.4%-იანი ზრდაა.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, სადაც აპრილის თვეში განხორცილებული ექსპორტის ოდენობამ 34.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით შემცირებული. კერძოდ, 2019 წელის პირველი ოთხ თვესთან შედარებით, 2020 წელს რუსეთში განხორცილებული ექსპორტი 29.2%-ით, ხოლო წინა წლის აპრილთან შედარებით კი 18.5%-ით შემცირდა. აღნიშნული კი ღვინის ექსპორტის 18.8%-იანი შემცირებას უკავშირდება. თავის მხრივ, ღვინო რუსეთში საექსპორტო საქონელი და მომსახურების ძირითადი ნაწილია, რასაც ყველაზე მაღალი, 26.8%-იანი წილი უჭირავს. გარდა ამისა, მაღალი წილი ფეროშენადნობებს (23.0%) და მინერალურ წყლებსაც (12.2%) გააჩნია, რაც აპრილის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. კერძოდ, ფეროშენადნობების ექსპორტი 1.4%-ით, ხოლო მინერალური წლების კი 14.0%-ით გაიზარდა.



აღნიშულ პერიოდში, საქართველოდან სომხეთში ექსპორტიც შემცირდა. კერძოდ, აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 60.2%-ით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი 36.1%-იანი შემცირება დაფიქსირდა. სომხეთში ექსპორტი არამარტო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, არამედ, იანვარ-თებერვალშიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებული იყო. აღნიშნულის მიზეზი კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებაა, რაც აპრილის თვეში თითქმის საერთოდ არ განხორციელებულა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი კი საქართველოდან სომხეთში მთლიანი ექსპორტის 46.0%-ს იკავებს. სომხეთის მიერ არამარტო საქართველოდან იმპორტი არამედ საქონელი და მომსახურების მთლიანი იმპორტი მიმდინარე წლის თებერვლიდან მცირდება. ჯამში, 2020 წლის ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთის იმპორტი 11.5%-ით, ხოლო ექსპორტი 8.1% -ით შემცირდა.

მსგავსად სომხეთისა, 2020 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება იყო უკრაინაშიც. ამ ქვეყანას კი მთლიან ექსპორტში 6.5%-იანი წილი უჭირავს. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი, წინა თვესთან შედარებით 58.7%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 71.3%-ით შემცირდა. ჯამში, 2020 წლის პირველი ოთხი თვეში ექსპორტი 29.3%-ითაა შემცირებული. უკრაინაში ექსპორტის შემცირება დიდწილად მინერალური და აზოტოვანი სასუქებით ვაჭრობას უკავშირდება, რაც უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 14.5%-ია. თუმცა, განსხვავებით 2019 წლის აპრილის თვისა, წელს აღნიშნული საქონლის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მინერალური წლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც შემცირდა, რაც უკრაინაში საექსპორტო საქონლის ხუთეულს მოიცავს.

ცუცი7

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, ექსპორტი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებში (გარდა აზერბაიჯანისა) შემცირდა. ყველაზე მეტად საქონელი და მომსახურების ექსპორტი რუმინეთშია შემცირებული, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 88.0%-ით ნაკლებია. რუმინეთში ექსპორტის კლება კი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უკავშირდება, რაც ამ ქვეყანაში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელია, რადგან მისი წილი 93.7%-იან ნიშნულ იკავებს. აპრილის თვეში კი აღნიშნული საქონელის ექსპორტი თითქმის არ განხორციელებულა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუმინეთის მთლიანი იმპორტი 7.4%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად ნედლეულის იმპორტის შემცირებითაა განპირობებული. რაც შეეხება რუმინეთის ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-იანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტის შემცირება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს უკავშირდება, რომლებსაც რუმინეთის მთლიანი ექსპორტის 2/3-ზე მეტი უჭირავს. მხოლოდ აპრილში კი რუმინეთის მთლიანი ექსპორტი 47.0%-ით, ხოლო იმპორტი 34.0%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ზრდას, წინა თვეებთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში ექსპორტი უზბეკეთში გაიზარდა. კერძოდ, აპრილში წინა თვესთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა 246.3% შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 19.7%. აღნიშნული კი სამკურნალო საშუალებების (დაფასოებული) ექსპორტის 29.3%-იან ზრდას უკავშირდება. თავის მხრივ, უზბეკეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი სამკურნალო საშუალებებია, რაც მთლიანი ექსპორტის 65.3%-ს იკავებს, ხოლო, ექსპორტში წილით, მეორე ადგილზე მანგანუმის მადნები და კონცენტრატებია, რაც უზბეკეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 5.0%-ს შეადგენს. თავის მხრივ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, უზბეკეთის მიერ საქონელი და მომსახურების იმპორტი 8.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი კი 10.2%-ით შემცირდა. უზბეკეთის ექსპორტის შემცირება კი ძირითადად, ევროპის ქვეყნებში საქონელი და მომსახურების ექსპორტს უკავშირდება. მათ შორის, აღნიშნულ პერიოდში უზბეკეთიდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტი 97.4%-ით შემცირდა, რომელსაც მთლიან ექსპორტში 1.2%-იანი წილი უკავია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - სახეები

საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომელიც 2019 წლის მონაცემებით მთლიანი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნულის ადგილობრივი წარმოება არ ხდება. კერძოდ, ევროპის და სხვა ქვეყნებიდან ხდება ავტომობილების იმპორტი, რომელიც შემდეგ, ორ მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში - აზერბაიჯანში და სომხეთში გადის. შესაბამისად, უფრო მართებულია ექსპორტის სასაქონლო სახეების მიხევდით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გარეშე გაანალიზდეს.



2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები (17.3%), ფეროშენადნობები (8.0%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (5.9%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (4.6%) და წყლებია (3.5%). აღნიშნული საქონელი მთლიანი ექსპორტის 39.4%-ს იკავებს, რომელის ექსპორტი ძირითადად რეგიონის ქვეყნებში ხორციელდება. მიმდინარე წელს პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელი, რომელიც არ შემცირებულა, ესაა, სპილენძის მადნები და კონცენტრატები ექსპორტი, რომელის ზრდამ 10.4% შეადგინა. აღნიშნული საქონლის ექსპორტი კი სამ ქვეყანაში - ჩინეთი (50.1%), ბულგარეთი (41.3) და ესპანეთში (8.6%) განხორციელდა. ხუთი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან კი ყველაზე მეტად, 61.5%-ით დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი შემცირდა. დაფასოებული სამკურნალო საშუალების ექსპორტი კი ძირითადად რეგიონის და განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხორციელდება. მათ შორის, ყველაზე მეტი უზბეკეთში (37.9%), აზერბაიჯანში (20.7%), სომხეთში (8.8%) და სხვა დანარჩენში (32.6%). გარდა აღნიშნულისა, მიმდინარე წელს შემცირებულია შემცირებულია ფეროშენადნობების (21.7%), ღვინის (12.5%) და მინერალური წყლების (8.7%) ექსპორტი, რომლებიც საქართველოს ძირითად საექსპორტო კალათას წარმოადგენს.

მიმოხილვის შეჯამება

საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი წმინდა ექსპორტია. თავის მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მისი ძირითადი ნაწილი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია. აღნიშნული ქვეყნებიდან კი საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთია, რომლებიც ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორები არიან და მათი ეკონომიკის დიდ ნაწილის სწორედ ეს ინდუსტრია იკავებს. ამდენად, მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის გარდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე ნავთობის ფასების შემცირებამაც უარყოფითი გავლენა იქონია. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა. კერძოდ, რეგიონის ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორთან კი 23.5%-იანი კლებაა. აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 11.4%-ით, ხოლო რეგიონთან კი 16.6%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებასთან ერთად, იმპორტიც შემცირებულია, რამაც 11.8%-იანი კლება შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. მეორე მხრივ, მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია. შედეგად, რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა.