მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ისრაელს შორის ვაჭრობა 22.8%-ით გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

63da654ea5d46
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.23 09:35
2348
საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვამ 38 მილიონ 487 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წელს ექსპორტ-იმპორტი გასულ წელთან შედარებით 22.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2014 წელს იყო და 46 მლნ დოლარს შეადგენდა.

გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი ექსპორტზე მოდიოდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ისრაელში საქონლის რეალიზების მაჩვენებელის 2022 წელს, ბოლო 10-წლიან პერიოდში რეკორდული იყო. შესაბამისად 2022 წელს საქართველოდან ისრაელში 22 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტს 5.7%-ით აღემატება.

TOP-10 ექსპორტირებული საქონელი:

1. შაქრის დანამატებიანი მინერალური წყლები დაგაზიანებულის ჩათვლით - 5 მლნ დოლარი, 7 020 ტონა;
2. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 2 მლნ დოლარი, 262 ტონა;
3. არადენატურირებული ეთილის სპირტი - 2 მლნ დოლარი, 225 ტონა;
4. აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 2 მლნ დოლარი, 3 ტონა;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.5 მლნ დოლარი, 2 196 ტონა;
6. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - 1.4 მლნ დოლარი, 497 ტონა;
7. ოპტიკური ელემენტები - 1.1 მლნ დოლარი, 1 ტონა;
8. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 მლნ დოლარი, 438 ტონა;
9. საფრენი აპარატების ნაწილები - 955 ათასი დოლარი, 4 ტონა;
10. ხილისა და ბოსტნეული - 842 ათასი დოლარი, 634 ტონა;

უმსხვილესი ექსპორტირებული საქონლის გარდა, ისრაელში გასული წლის განმავლობაში მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, საწებლის მოსამზადებელი პროდუქტები და მზა საწებლები, მდოგვი, მექანიკური მოწყობილობები სითხეებისა ან ფხვნილების გაშხეფვის ან გაფრქვევისათვის, მანგანუმის ოქსიდები, ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის, მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები, ქვა დამუშავებული, ლუდი და მცირე მოცულობით სხვა სახის საქონელი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ისრაელში საქონლის შესაძენად, ქვეყნიდან 16 მილიონ 453 ათასი დოლარი გავიდა. 2021 წელთან შედარებით იმპორტი 56.8%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში მთავარი იმპორტირებული პროდუქტი სატელეფონო აპარატები იყო.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

1. სატელეფონო აპარატები - 2.3 მლნ დოლარი;
2. მანქანები და მექანიზმები სოფლის მეურნეობის კულტურების ასაღები ან სალეწი - 2.3 მლნ დოლარი, 66 ტონა;
3. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1.4 მლნ დოლარი, 41 ტონა;
4. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1.1 მლნ დოლარი, 527 ტონა;
5. ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - 519 ათასი დოლარი, 139 ტონა;

მცირე რაოდენობებით ისრაელიდან საქართველომ თმების საშუალებები, ელექტრული მანქანები, ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებების ნაწარმი, ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, ვაქსები და საცხები ფეხსაცმელებისათვის, ხილის და ბოსტნეულის წვენები და სხვა საქონელი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები