მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ $2 მლრდ-ს გადააჭარბა - იმპორტის ზრდა 73.1%-ია

63a01d4775553
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.22 12:16
970
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 31.8%-ით 5.037 მლრდ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 32.4%-ით 11.981 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა. შესაბამისად 11 თვეში ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და 2.205 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ მონაცემით რუსეთმა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 13%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში უდიდეს წილს იმპორტი იკავებს. სავაჭრო ბრუნვა სწორედ იმპორტის ხარჯზეა გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად 1.607 მლრდ დოლარი გავიდა, ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 73.1% იყო. საიმპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს ამ პერიოდში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმსხვილესი 5 საქონლის იმპორტის მიხედვით, იმპორტის კლება მხოლოდ ხორბლის შემთხვევაში ფიქსირდება.

TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 561.8 მლნ დოლარი, 583 322 ტონა;
2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 71.5 მლნ დოლარი, 264 747 ტონა;
3. ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - 59.5 მლნ დოლარი, 159 023 ტონა;
4. კოქსი და ნახევარკოქსი - 55 მლნ დოლარი, 103 215 ტონა;
5. ხორბალი და მესლინი - 52.3 მლნ დოლარი, 145 776 ტონა;

დანარჩენი საქონელი–სულ: 807.5 მლნ დოლარი.

11 თვის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მცირედით რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანამ ამ მიმართულებით 597.9 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ია.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. რუსეთის ბაზარზე რეალიზებისას უმსხვილესი საექსპორტო საქონლის 64.5% მოდის. 11 თვეში ღირებულებს მიხედვით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა.

TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 150 მლნ დოლარი, 67 064 ტონა;
2. ფეროშენადნობები - 108.8 მლნ დოლარი, 57 423 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – 65.2 მლნ დოლარი, 4 654 ცალი;
4. სპირტიანი სასმელები - 53 მლნ დოლარი, 10 527 ტონა;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 46.7 მლნ დოლარი, 84 467 ტონა;

დანარჩენი საქონელი - სულ: 174 მლნ დოლარი.