02.ივლისი .2022 20:20

საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა გაუმჯობესდა - კავკასიის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა გაუმჯობესდა - კავკასიის მიმოხილვა
views 1493
უკან

როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის კლების ნიშნული 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი ნეგატიური შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ არასახარბიელოა.
 
კავკასიის ეკონომიკის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ პანდემიის მეორე წლიდან დაიწყო. 2021 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით გადააჭარბა. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს.

საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩეოდა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

2021 წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. ეკონომიკის აღდგენის ასეთი ტემპი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. იანვარსა და თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 18.0% და 14.6%-ებით გაიზარდა. „დიდი ჩაკეტვამდე“ პერიოდთან შედარებით, იანვარში ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა. მარტში ეკონომიკა 10.6% იყო, ხოლო აპრილში ზრდის მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა. აპრილში საბაზო ეფექტი უკვე სრულად გამორიცხულია, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საბაზო ეფექტის გამო ეკონომიკა 44.8%-ით იყო გაზრდილი. ამავე წლის მაისში ზრდის მაჩვენებელი 25.8% იყო, რაც მიმდინარე წლის მე-5 თვეს 11.6%-ია. საერთო, ჯამში პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 11.2%-ია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11.5% იყო. თუმცა, პირველი ხუთ თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელში საბაზო ეფექტი არსებობს, რადგან 2021 წელის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.2%-ით იყო შემცირებული.

გასულ წელის აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატებოდა. მიმდინარე წლის იანვარში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 3.2%-ით მეტია, რადგან გასული წლის იანვარში ეკონომიკა 2.5%-ით იყო შემცირებული. იანვარში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი, 8.8% იყო, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდშიც არ შემცირებულა. იანვარ-მარტში რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატება, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდა უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია. მდგომარეობა აპრილშიც არ შეცვლილა, იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში 0.8% იყო.

ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების შემთხვევაში უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე აზერბაიჯანის. აღნიშნული ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. საქართველოსა და სომხეთში დომინანტური მომსახურება და ტურიზმის სექტორია. მთავრობის შეზღუდვები კი პირდაპირ აღნიშნულ სექტორებს ეხებოდა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი სომხეთის ეკონომიკა 8.2%-ითაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტის შედეგია. მარტში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 6.7% იყო, ხოლო პირველ კვარტლის ზრდის მაჩვენებელი კი - 9.6%, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდა იყო. უკვე აპრილში ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც მაისში 13.0%-ია. შესაბამისად, პირველ ხუთ თვეში სომხეთის ეკონომიკა 10.2%-ითაა გაზრდილი.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის ტემპი პოზიტიური იყო, რაც სომხეთის შემთხვევაში საკმაოდ არასახარბიელო. თუმცა, მიმდინარე წელი სამივე ქვეყნისთვის უკეთესად დაიწყო, რაც მალევე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიან ომმა მკვეთრად შეცვალა. მდგომარეობა საქართველო და სომხეთისთვის გაუარესდა, მაგრამ აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობსა და გაზზე მასშტაბურად გაზრდილმა ფასებმა დააკომპენსირა. ომის დაწყებიდან ნავთობი ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაში შემოსავლების გენერირების უმნიშვნელოვანესი წყაროა. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სურათი განსხვავებული ჩანს.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მომდევნო წლისთვისაც 5.5%-ითაა პროგნოზირებული. უახლესი პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა გაუმჯობესებულია, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანის გაუარესებული. ივნისში მსოფლიო ბანკმა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა. მიმდინარე წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკის 2.7%-ითაა მოსალოდნელი, ხოლო 2023 წელს კი - 2.2%-ით. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. რაც შეეხება მომდევნო წელს - 2023 წელს სომხეთის ეკონომიკის 2.3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა