მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

კავკასიის რეგიონი

აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო.

სომხეთის მთავრობა გადადგა

რეგიონისთვის აგვისტოს თვე პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენით, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომით დაიწყო და ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა, თუმცა, ეს ფაქტი კონსტიტუციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურა აღმოჩნდა, რომელიც ახალი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებას უკავშირდება.

იმავე დღეს ფაშინიანის კაბინეტს როგორც პარლამენტმა, ისე პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და სომხეთის მოქმედი ლიდერი მორიგი ვადით შეუდგა ქვეყნის მართვას.

სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სომხეთის ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რამდენიმე დღით ადრე დაკავებულ ქვეყნის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება.

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პროცესის დაწყება დააანონსა

სომხეთის მთავრობამ 24 აგვისტოს დააანონსა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის მომზადებისა და წარდგენის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, შესაბამისი განაცხადის გაგზავნა აუცილებელი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ მომავალში დაგეგმილი საყოველთაო რეფერენდუმისთვის კონკრეტული ევროინტეგრაციული საგზაო რუკა და რეფორმების გეგმა შემუშავდეს.

სომხეთი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს

ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, ოფიციალურმა ერევანმა მოსკოვს სტრატეგიულ პარტნიორად შენარჩუნებაზეც უარი განაცხადა - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უკვე საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად აღარ ჩაითვალოს. მოგვიანებით ფაშინიანმა განმარტა ისიც, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ტრანსფორმაცია ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ერევანსა და ბაქოს შორის უკვე მშვიდობა დამყარდა.

ფაშინიანმა რუსეთს ერასხი-ახურიკის რკინიგზის მონაკვეთის მართვის დათმობა მოსთხოვა

24 აგვისტოს სომხეთის მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააჟღერა - ფაშინიანის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, გამოიჩინოს მოქნილობა და ერასხი-ახურიკის სარკინიგზო მონაკვეთის კონცესიის უფლება ორივე ქვეყნისთვის მისაღებ მესამე მხარეს მიჰყიდოს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია სომხეთის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრაციისთვის, რასაც რუსული მართვის გამო დასავლური სანქციების რისკები და საერთაშორისო ინვესტორების სიფრთხილე აფერხებს.

Subway სომხეთში შესვლასა და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს

სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელმა, Subway-მ სომხეთის ბაზარზე შესვლა და ქვეყანაში 60-ზე მეტი ობიექტის გახსნაზე აქტიური მოლაპარაკებები ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსთან დაიწყო. როგორც ირკვევა, თითოეული რესტორნის გახსნაში ინვესტიციის მოცულობამ შესაძლოა $150 ათასიდან $300 ათასამდე შეადგინოს.

სომხეთში Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი პირველი AI ქარხანა გაიხსნა

აგვისტოს თვე სომხეთისთვის არამარტო პოლიტიკურად ან ეკონომიკურად, არამედ ტექნოლოგიური მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. კავკასიის ყველაზე პატარა სახელმწიფო რეგიონში პირველი გახდა, სადაც მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა საკუთარი AI ქარხანა გახსნა. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია Firebird-მა Nvidia-სთან ითანამშრომლა. ისინი ერთობლივად გეგმავენ, რომ 2027 წლის ბოლოსთვის ობიექტის სიმძლავრე 70,000-ზე მეტ Nvidia GPU-მდე გაზარდოს.

აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტიდან 1 წელი გავიდა

ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტიდან, სადაც პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა ომის საბოლოოდ დასრულებას ხელი მოაწერეს, 1 წელი გავიდა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, სამი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარიც გამართეს. განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე გახდა ცნობილი, რომ შტატების ლიდერმა "შუა დერეფნის" ფონდის დაფინანსება გააორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონამდე გაზარდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხი განიხილეს

გარდა "შუა დერეფნის" პროექტზე ერთობლივად თანამშრომლობისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა არაერთი მიმართულებითაც დაახლოვდა. 25 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლაჩინში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობები და სახელმწიფო საზღვარზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირების პერსპექტივები განიხილეს. ცნობისთვის, აქამდე მეზობელ სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა შეზღუდული იყო

აზერბაიჯანმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას გაზი მიაწოდოს

აგვისტოს თვეში რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინას მიაწოდოს გზაი და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც შექმნას.

აქ უნდა ჩაჯდეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ამბები კიდევ. ბოლოში თურქეთი-რუსეთის, საიდანაც რუსეთზე გადავალ.

აშშ-მა რუსეთის სახმელეთო ძალებს და სამხედრო სტრუქტურებს სანქციები დაუწესა

აგვისტო რთულად დაიწყო რუსეთისთვისაც, რომლის სახმელეთო ძალებს, სამხედრო სტრუქტურებს, კომპანიებსა და კიდევ 5 მოქალაქეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები დაუწესდათ: რუსეთის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს, 1061-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს და რუსეთის სახმელეთო ძალებს. აშშ-ის სანქციები ასევე გავრცელდა ჩამოთვლილი სუბიექტების უფლებამონაცვლე პირებსა თუ შვილობილ კომპანიებზე.

აგვისტოს თვეში უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ თუ ონლაინ ვაჭრობის ინდუსტრიებზე შეტევები გააძლიერა

თვე რუსეთის ენერგეტიკული თუ ლოგისტიკური ობიექტებისთვისაც საკმაოდ პრობლემური იყო, რადგან შეტევები გაძლიერდა როგორც Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე, ისე სხვადასხვა ტიპის სტრატეგიულ საწარმოზე.

ჩამონათვალი ასეთია:

  • 3 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის ოლქის სობინსკის რაიონში მდებარე Wildberries-ის სასაწყობე კომპლექსზე მიიტანეს იერიში
  • 4 აგვისტოს, მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებულ შეტევებს5 ადამიანი ემსხვერპლა, ობიექტებს კი ხანძარი გაუჩნდა
  • 7 აგვისტოს უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დარტყმა მიიტანეს
  • 8 აგვისტოს უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელ ქარხნებზე განახორციელა თავდასხმა
  • 16 აგვისტოს, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვში Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი დააზიანეს
  • 18 აგვისტოს კი შავ ზღვაში თავს დაესხნენ ბერძნული კომპანიის კუთვნილ გემ "Skiros"-ს, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა.
  • 26 აგვისტოს, უკრაინული იერიშების გამო, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ Lukoil-ს ყველა მსხვილი ნავთობქარხანის გაჩერება მოუწია, მათ შორის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე საწარმოსი
  • 26 აგვისტოსვე, ამჯერად ტამბოვის ოლქში დრონების შეტევის შედეგად სრულად დაიწვა Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი

რუსეთის უმდიდრესი ქალის, Wildberries-ის დამფუძნებლის ქონება $5 მლრდ-მდე შემცირდა

სწორედ ამ შეტევების ფონზე, რუსეთის უმდიდრესი ქალის, ტატიანა კიმის ქონება $2 მილიარდზე მეტით, $5 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მან ქვეყნის უმდიდრესი ქალების 10-ეულში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

დანაზოგების ჩამორთმევის შიშით, რუსეთში მოსახლეობას ბანკებიდან დეპოზიტები გამოაქვს

აგვისტოს თვეში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან დეპოზიტების გამოტანის მასშტაბები. გამოცემა Washington Post-ის მონაცემებთი, მხოლოდ აგვისტოს პირველ ორ კვირაში, მოსახლეობამ $3.4 მილიარდის დანაზოგები გამოიტანა. ეს მაშინ, როცა მთლიანი ივლისის განმავლობაში ეს მაჩვენებელი $7.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ივნისში, $4.5 მილიარდს. როგორც ირკვევა, წლის დასაწყისიდან ბანკებიდან უკვე $24.7 მილიარდის კაპიტალი გავიდა, რაც ორი მიზეზით იხსნება:

1 - მოსახლეობა შიშობს, რომ უკრაინული დრონებით შეტევებმა შესაძლოა რუსეთის ფინანსურ სისტემას პრობლემები შეუქმნას.

2- კრემლმა შესაძლოა ომის მზარდი ხარჯების დასაფინანსებლად მოქალაქეების საბანკო დეპოზიტების გაყინვა ან ჩამორთმევა გადაწყვიტოს.

რუსეთი დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს

ომი გრძელდება და გარდა ფინანსური რისკებისა, რუსეთის მოსახლეობა ცოცხალ ძალასთან არსებული გამოწვევების წინაშეც დგას. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი წლის ბოლომდე, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს. მისი შეფასებით, მიზანი ახალწვეულების დონეცკის ოლქისკენ გაგზავნა და რეგიონის სრულად დაკავება იქნება.

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

ომის ფონზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტის აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მიიღო და 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თურქეთმა შავ ზღვაში სავაჭრო გემების მიმოსვლა ნაწილობრივ შეზღუდა

არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირება მოუწია რეგიონის კიდევ ერთ სახელმწიფო თურქეთს, რომელმაც შავ ზღვაში ზოგიერთი სავაჭრო გემის გადაადგილება ამ თვეში შეზღუდვა. როგორც შემდგომ გაირკვა, ოფიციალურმა ანკარამ ეს გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის მიერ გემებზე იერიშების გახშირებისა და უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე მიიღო.

რუსეთი თურქეთიდან ბენზინის პირველ საზღვაო ტვირთს მიიღებს

მართალია, თავად თურქეთმა არსებული რისკების გამო შავ ზღვაში გემების მიმოსვლა ნაწილობრივ შეზღუდა, თუმცა აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა ფაქტი, რომ თავად ანკარა მოსკოვს საწვავის მზარდი დეფიციტის ფონზე პირველ საზღვაო ტვირთს მიაწვდის. როგორც ირკვევა, საუბარია 200,000 ბარელ ბენზინზე, რომელიც რუსეთში სექტემბრის დასაწყისში ჩავა.

ასეთი იყო რეგიონის ძირითადი მოვლენები აგვისტოს თვეში.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორი იყო გასული თვე ქართული ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, შეგიძლიათ ვრცლად შეიტყოთ ამ სტატიიდან.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში, ძირითად ფაქტებს შეიტყობთ ამ სტატიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები