19.მაისი .2020 20:40

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს

views 521
უკან

დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ჯგუფის ჯამური შემოსავლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა და 260.1 მილიონი ლარი შეადგინა. COVID-19-ის კრიზისის გამო კი, ჯგუფის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც, კომპანიის მოგების მაჩვენებელი შემცირდა. ამასთან, კომპანიამ ლარის გაუფასურების გამო, 21.9 მილიონი ლარის მოცულობის სავალუტო ზარალი მიიღო.

2019 წლის პირველ კვარტალში ჯგუფის წმინდა მოგება 18,273,000 ლარს შეადგენდა, 2020 წლის პირველ კვარტალში კი მოგებამ 59,000 ლარი შეადგენდა.

ცალკეული მიმართულებებით, ჯგუფის შემოსავლები ასე ნაწილდება:

ჰოსპიტალური ბიზნესი - 70.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 5.3%;
კლინიკები - 12.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9.3%;
ფარმაცია და დისტირბუცია - 175 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 20.1%;
სამედიცინო დაზღვევა, მოზიდული პრემია - 18.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.3%;
დიაგნოსტიკა - 1.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44%.

ჯგუფის კვარტალურ ანგარიშს თან ახლავს GHG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებაც. მისი თქმით, ჰოსპიტალური მიმართულებით შექმნილია ვითარება, როდესაც მოხდა გეგმიური ოპერაციების გადავადება, ეს კი თავის მხრივ ამ მიმართულებით შემოსავლების შემცირებაში აისახა.

“ჰოსპიტალური ბიზნესი - ამ მიმართულებით საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ შეზღუდვებმა, რომლებიც თებერვლიდან ქვეყანაში ამოქმედდა. ამას თან დაერთო მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის შემცირება და გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციების რაოდენობის შემცირება. ჯამში მომართვების რაოდენობა პირველ კვარტალში 12%-ით შემცირდა. შედეგად, ჰოსპიტალების EBITDA-ს (მოგება გადასახადების, პროცენტების, ცვეთის და ამორტიზების გადახდამდე) მარჟა წლიურად 23%-ით, 14.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და ჰოსპიტალებში მომართვიანობის რაოდენობა 60%-ით დაეცა, თუმცა მაისის პირველ კვირებში ამ მხრივ გარკვეული მატებაც არის შესამჩნევი.

ფარმაცია და დისტრიბუცია - ჩვენი სააფთიაქო და სადისტრიბუციო ქსელი COVID-19-ის შეზღუდვების ფონზე იყო ღია და მისი შემოსავლები ამ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა. შედეგად, შემოსავალმა პირველი კვარტლისთვის რეკორდულ მაჩვენებელს 175 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით მეტია. EBITDA-ს მარჟა IFRS 16-ის ეფექტის გამორიცხვით, 19%-ით გაიზარდა და მან 18.6 მილიონს მიაღწია. თუმცა, ლარის გაუფასურებამ უცხოურ ვალუტაში ზარალი გამოიწვია, რამაც მომწოდებლების მიმართ გადასახდელი თანხის მოცულობა გაზარდა,”- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან $25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომელიც ბანკმა GHG-ისთვის მაისში დაამტკიცა.

GHG “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს აერთიანებს.