09.ივლისი .2020 18:00

საქართველოს მთავრობას Georgian Airways-ის დავალიანება აქვს

საქართველოს მთავრობას Georgian Airways-ის დავალიანება აქვს
views 851
უკან

ავიაკომპანია Georgian Airways-მა მიმდინარე წლის 10 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით სულ 33 სპეციალური საევაკუაციო ავიარეისი შეასრულა, რომლის ფარგლებში საქართველოში, დაახლოებით, 3,500 მგზავრი ჩამოიყვანა.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, 33 რეისიდან მთავრობის მიერ ნაწილობრივ დაფინანსდა 19 რეისი, თუმცა, ჯერჯერობით, გადახდილია მხოლოდ 9 რეისის საფასური. 

„დავალიანების ოდენობა ყოველდღიურად იცვლება. მთავრობას ანგარიშს ვაბარებთ და შესაბამისად, აფინანსებენ ნაწილობრივ, როგორც ეს შესაბამისი დადგენილებითაა განსაზღვრული. ამ მხრივ მთავრობასთან კარგი მუშა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა“, - ამბობენ კომპანიაში.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 აპრილის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ნაწილობრივ უზრუნველეყო ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირება. კერძოდ: თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის შემთხვევაში თანადაფინანსება 20,000 დოლარი იყო, ხოლო ბათუმი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის შემთხვევაში - 25,000 დოლარი.

ცნობისთვის: ჩვენ დამატებით დავაზუსტებთ, სუბსიდირებული ავიარეისებიდან რამდენი შეასრულა კომპანიამ ბათუმში და რამდენი - თბილისში.

ამასთან, BM.GE-ის კითხვაზე რამდენი იყო თითო რეისის თვითღირებულება, კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს რეისის მანძილზეა დამოკიდებული.

„მთავარი ხარჯი საავიაციო საწვავზეა. ასევე, არის გადასახადები თითო კაცზე აეროპორტებში, რაც მაგალითად, ლონდონში მაღალია, ამსტერდამში ოდნავ ნაკლები, ვენაში - უფრო მაღალი“, - ამბობენ კომპანიაში.