მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მთავრობისგან აეროპორტების მართვის უფლების 2 წლით გაგრძელებას ველით“

60604011d6046
BM.GE
28.03.21 14:16
4008

„საქართველოს მთავრობისგან აეროპორტების მართვის უფლების 2 წლით გაგრძელებას ველით“- ამის შესახებ Forbes-კვირასთან ინტერვიუში TAV Airports-ის პრეზიდენტი სანი შენერი აცხადებს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „TAV-ს“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის უფლება 2027 წლამდე აქვს.

„პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ჩვენს აეროპორტებში მართვის ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების შეთანხმება უკვე გვაქვს. თურქეთში ჩვენს ყველა აეროპორტში 2 წლით გაგრძელდა შეთანხმების მოქმედება, მაკედონიაში ჩვენ მივიღეთ ეს გაგრძელება, ასევე ტუნისში, საუდის არაბეთში, მედინაში ჩვენი ხელშეკრულება 4 წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად ვადები განსხვავებულია, თუმცა ყველა ქვეყანაში ეს მინიმუმ 2 წელს შეადგენს. ჩვენ მივმართეთ თქვენს მთავრობას და COVID-19-ის პანდემიის გამო ვადის 2 წლით გახანგრძლივებას მოველით. რატომ? იმიტომ, რომ ამას მთავრობასთან დადებული შეთანხმების ფორს მაჟორის მუხლები ითვალისწინებს. ფორს მაჟორთა შორის კი ნომერ პირველი არის პანდემია.

შესაბამისად ამ გაგრძელების მიღებას მოველით. ამასთან, ჩვენ საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად დამატებით ინვესტიციას შევთავაზებთ. მაგალითად, ეს არის მეორე ასაფრენი ზოლის მოწყობა, რაც თბილისის აერორპოტს სჭირდება, რადგანაც აეროპორტს ამჟამად მხოლოდ ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. ერთი ასაფრენი ზოლის პირობებში რაიმე ინციდენტის შემთხვევაში აეროპორტი 1 კვირითაც კი შეიძლება ფრენებს ვერ მოემსახუროს, ამიტომ მნიშვნელოვანია პარალელური ზოლის არსებობა, თანაც მგზავრებისა და ტვირთების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

არსებობს ფორმულა, რომლის თანახმადაც გარკვეული მოცულობის ინვესტიციის შედეგად ვადის რაღაც პერიოდით გახანგრძლივება ხდება. შესაბამისად ჩვენ ამას ვცდით. თუკი საქართველოს მთავრობა მოიწონებს ამ წინადადებას ჩვენ მას წარვადგენთ, თუმცა ფორს მაჟორის მხრივ ჩვენ კიდევ 2 წლით ველით ოპერირების ვადის გახანგრძლივებას“-აცხადებს შენერი.