15.აპრილი .2021 19:26

საქართველოს რკინიგზა წელს $500 მილიონის ვალს აიღებს - მიზეზი წინა ვალის დაფარვაა

საქართველოს რკინიგზა წელს $500 მილიონის ვალს აიღებს - მიზეზი წინა ვალის დაფარვაა
views 886
უკან

საქართველოს რკინიგზა $500 მილიონი დოლარის ვალს ახალი ვალის აღებით დაფარავს - ამის შესახებ რკინიგზის 2020 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას დაქირავებული ჰყავს უცხოელი კონსულტანტები და $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვებას 2021 წლის ივნისში გეგმავს. 

ახალი ობლიგაციების მეშვეობით კი 2012 წელს გამოშვებული 10-წლიანი ევრობონდების რეფინანსირება მოხდება. თავის დროზე ამ ვალის აღების მიზანს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება წარმოადგენდა. ამ თანხის ნაწილით თბილისის გარშემო ახალი გვირაბები და ხიდები აშენდა, თუმცა 2013 წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ პროექტი შეაჩერა. შესაბამისად, ეს საგარეო ვალი საქართველოს რკინიგზამ აიღო ისეთი აქტივის შესაქმნელად, რომელიც დღეს უფუნქციო და ამორტიზებულია.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს $500-მილიონიანი ევრობონდები საქართველოს მთავრობამაც გამოუშვა. ამ ახალი ვალით, 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ვალის რეფინანსირება მოხდა. ახალი ევრობონდის ვადიანობა 5 წელი იქნება, მისი კუპონის განაკვეთი კი 3.0%-3.5%-ის ფარგლებში იქნება, რაც წინა ობლიგაციის განაკვეთთან შედარებით 2-ჯერ დაბალია. 

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს რკინიგზას, 2020 წელს კომპანიამ სულ 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.2 მილიონი ტონით მეტი იყო. ამის მიუხედავად, რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 2020 წელს შემცირდა. "საქართველოს რკინიგზამ" 2020 წელს ჯამურად, სხვადასხვა სახის სარკინიგზო მომსახურებიდან 489.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება კომპანიის მოგებას - ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიამ საქმიანობა 164 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ეს 2019 წელს არსებულ ზარალს 159 მილიონი ლარით აღემატება.

როგორც KPMG-ის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წელს ზარალის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული დანაკარგები იყო. მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 191 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ეს ზარალი დაკავშირებულია კომპანიის ვალდებულებებთან, რომელთა მოცულობაც ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და რომლის ძირი თანხის მოცულობაც ლარის გაუფასურების გამო 2020 წელს გაიზარდა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 389.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
ლოგისტიკური სერვისები - 54.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
სამგზავრო გადაყვანები - 11.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 64%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 8.8მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 45%;
სხვა შემოსავალი - 11.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 71%.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 170.5 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 41.4 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 76.1 მილიონი ლარი იყო.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა