09.დეკემბერი .2021 17:41

“საქართველოს რკინიგზას რეფორმები მკვეთრად აკლია, აუცილებელია გამჭვირვალობა”- EIB და EBRD

“საქართველოს რკინიგზას რეფორმები მკვეთრად აკლია, აუცილებელია გამჭვირვალობა”- EIB და EBRD
views 462
უკან

"საქართველოს სარკინიგზო სექტორს რეფორმები მკვეთრად აკლია. რიგი ნაბიჯები არის საჭირო, რათა ის გარდაიქმნას კარგად რეგულირებად, კონკურენტუნარიან და ნაწილობრივ ლიბერალიზებულ სექტორად. ეს პროცესი მოითხოვს ქვეყნის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის გაყოფას," - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში.

გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პირველივე თავში გაკეთებულია განცხადება, რომ საქართველოში წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების პროცესი შენელებულია. კონკრეტული სექტორების მიხედვით ბანკების მიერ შეფასებულია საფინანსო, ენერგეტიკის, ლოგისტიკის სფეროები, ასევე განხილულია EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების პროცესიც.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს სარკინიგზო სექტორზეც. EIB და EBRD აღნიშნავენ, რომ სფეროში საქართველოს არ აქვს გატარებული საკვანძო მნიშვნელობის რეფორმები, რაც სფეროს ლიბერალიზაციას გულისხმობს. საქმე იმაშია, რომ დღეს “საქართველოს რკინიგზა” არის სარკინიგზო ქსელის მფლობელიც და მისი ოპერატორიც. შეფასების ავტორები ამ მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს რკინიგზას ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით არაერთი ცვლილება აქვს გასატარებელი.

"საქართველოს რკინიგზის" შესახებ დოკუმენტში ნათქვამია:

“პირველ რიგში სრული გამჭვირვალობა და ბიუჯეტის განცალკევება უნდა დაინერგოს ინფრასტრუქტურის, ტვირთების ტრანსპორტირების, სამგზავრო გადაყვანების და სხვა ბიზნეს სეგმენტების მიმართულებით. ამ ოთხივეე მიმართულებით უნდა მოხდეს იურიდიული და საოპერაციო გაყოფა, რასაც თან უნდა ერთვოდეს ადეკვატური მმართველობისა და რეგულატორული მოწყობა, რაც საქართველოს რკინიგზის ჰოლდინგის ქვეშ და დამოუკიდებელი და კომპეტენტური მარეგულირებლის ზედამხედველობით უნდა მოხდეს. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს ისეთი ბაზრების ლიბერალიზაცია, როგორიცაა სარკინიგზო გადაზიდვები.

უფრო მეტიც, იმისთვის, რათა მომავალში ამ სფეროში კონკურენტუნარიანობა იყოს უზრუნველყოფილი, მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია და საოპერაციო ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები არის გასატარებელი “საქართველოს რკინიგზის” მხრიდან, რასაც თან უნდა სდევდეს არა-ძირითადი აქტივების გაყოფა, გამჭვირვალობის გაზრდა და ხარჯ-ეფექტიანობის გაუმჯობესება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და “B+” ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც „საქართველოს რკინიგზამ“ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზამ 2012 წელს აღებული $500-მილიონიანი ვალის რეფინანსირება მოახდინა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის "მწვანე ობლიგაციები" 4%-იან განაკვეთში განთავსდა.

როგორია "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური შედეგები:

რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზამ 2021 წლის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ წელს 10.9 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ იანვარ-სექტემბერში 408.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლის მატება, გადაზიდვების ზრდამ გამოიწვია, უფრო დეტალურად, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● სატვირთო გადაზიდვები - 315.6 მილიონი ლარი, მატება 6%;
● ლოგისტიკური სერვისები - 49.6 მილიონი ლარი, მატება 26%;
● სატვირთო მატარებლის საზღვრისკვეთის მოსაკრებელი - 7.5 მილიონი ლარი, კლება 31%;
● ვაგონების და სხვა საშუალებების იჯარით გაცემა - 3.9 მილიონი ლარი, კლება 50%;
● სამგზავრო გადაყვანები - 11.3 მილიონი ლარი, მატება 10%;
● სხვა - 21 მილიონი ლარი, მატება 100%.

ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რკინიგზისთვის მთავარი დანახარჯი არა საოპერაციო ხარჯები, არამედ ფინანსური ხარჯები იყო, რამაც 2021 წლის 9 თვეში 200.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ფინანსური ხარჯები ორჯერ ნაკლები იყო და 93.5 მილიონს შეადგენდა.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, რკინიგზამ მის 12,500 დასაქმებულს ხელფასის სახით 2021 წლის 9 თვეში 127 მილიონი ლარი ჩაურიცხა.

ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო ხარჯების მოცულობამ 36.3 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის “სხვა ხარჯები” კი 71 მილიონი ლარი იყო. ამასთან, რკინიგზის აქტივების ცვეთამ და ამორტიზაციამ მიმდინარე წლის 9 თვეში 52.4 მილიონი ლარი შეადგინა.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 489.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალმა 164.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს კი ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო. უცნობია შენარჩუნდება თუ არა კომპანიის მოგება მიმდინარე წლის ბოლომდე.

წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მასშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა