16-17 მარტს, Covid-19-ის პანდემიის პირობებში სტამბულში, „ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TMTM) პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. როგორც bm.ge-ს რკინიგზიდან აცნობეს, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა 2020 წლის მუშაობის შედეგების ანგარიში წარადგინეს და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ხემლძღვანელი პირები დაესწრნენ.
„მხარეებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, 2020 წელს მარშრუტი სტაბილურად ვითარდებოდა და სატრანზიტო საკონტეინერო გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა.
ТМТМ-ის (Middle Corridor) სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2021 წლის გადასაზიდი ტვირთების მოცულობა განსაზღვრეს და კონკურენტუნარიან სატარიფო განაკვეთებზეც შეთანხმდნენ.
გადაზიდვების გეგმის თანახმად, 2021 წელს ТМТМ-ის პრიორიტეტს სერვისების განვითარება და სატრანზიტო საკონტეინერო გზავნილების მოცულობის ზრდა წარმოადგენს“, - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, სხდომის მონაწილეებმა, ТМТМ-ის მარშრუტის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილება მიიღეს, შემუშავდეს ТМТМ-ის 2025 წლამდე განვითარების სტრატეგია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) ყველა მონაწილის მხრიდან მკაფიო, თანმიმდევრულ და საპასუხისმგებლო ზომების მიღებას მოიცავს.