16.აგვისტო .2022 12:35

„საქართველოს საფონდო ბირჟის“ მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება

„საქართველოს საფონდო ბირჟის“ მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება
views 2682
უკან

„საქართველოს საფონდო ბირჟა“ მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ აცხადებს. კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი 2022 წლის სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი ინიშნება. გიორგი ფარესიშვილი ასევე ტოვებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

გიორგი ფარესიშვილი საქართველოს საფონდო ბირჟას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. როგორც „საქართველოს საფონდო ბირჟის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კომპანიის ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა, თვისობრივად გაუმჯობესდა სამეთვალყურეო საბჭოს როლი და კორპორაციული მმართველობა, შვილობილ კომპანიებში აქციონერებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვით მოხდა კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის სრული განახლება, გაეშვა ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის ახალი ვებგვერდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბირჟაზე დალისტული კომპანიების და მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, უცხოელი ინვესტორებისთვის შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ფლობა და შენახვა საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის „ქლიარსტრიმის“ და გლობალური კასტოდიანების მეშვეობით, პირველად განხორციელდა ქართული დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება და უცხოურ საფონდო ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდების პარალელური (ორმაგი) ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

„მერგო პატივი მემუშავა საქართველოს საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის პროფესიონალთა გუნდთან ერთად. გასული რვა წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით. 2014 წლიდან დღემდე ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზარდა 3-დან 23-მდე, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკის და რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანი შედეგია. საფონდო ბირჟას და ცენტრალურ დეპოზიტარს დღეს გააჩნიათ თანამედროვე სავაჭრო და საკლირინგო-საანგარიშსწორებო სისტემები, ახალი პროდუქტები და სერვისები, გამართული პროცესები და ჰყავთ მაღალი კვალიფიკაციის გუნდი. მიმაჩნია, რომ ჩემს წინაშე 2014 წელს დასახული ამოცანები და მიზნები დიდწილად მიღწეულია. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ჩემი პოზიცია და კარიერა საზღვარგარეთ განვაგრძო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბირჟის ძირითად აქციონერებს და სამეთვალყურეო საბჭოს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი გუნდი გრძნობდა გასული წლების განმავლობაში. ასევე მსურს წარმატება ვუსურვო ნინო ქურდიანს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ბირჟა კვლავ განაგრძობს ინსტიტუციურ ზრდასა და განვითარებას", - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.

ნინო ქურდიანი კი საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებს 2017 წლიდან. ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იქნა დამტკიცებული.

„გიორგი ფარესიშვილმა დააწესა კომპანიის მართვის და წარმატების მაღალი თამასა. ჩემთვის პატივი იყო, მემუშავა მის გვერდით და მონაწილეობა მიმეღო საეტაპო გარდაქმნებში. ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევები და პერსპექტივებია. პროფესიონალთა გუნდთან ერთად აუცილებლად განვაგრძობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და არაერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ ამ გზაზე", - აცხადებს ნინო ქურდიანი.

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა