მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავის იმპორტის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა - იმპორტიორთა კავშირი

60ace2c90aab9
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 20:00
617

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 339.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით 27.0 ათასი ტონით (8,6%-ით), ხოლო პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით 20.9 ათასი ტონით ანუ 6.5%-ით მეტია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული.

„მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (11 ათასი ერთეულით ანუ 12,5%-ით) საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც დიზელის საწვავს მოიხმარენ“, - ამბობენ იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 176.7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 163.2 ათასი ტონა შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილში რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტმა - 114.6 ათასი ტონა (64,8%) ; A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინის იმპორტმა 58.4 ათასი ტონა (33,1%); სუპერის ტიპის ბენზინის იმპორტმა კი 3.7 ათასი ტონა (2.1%) შეადგინა;

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან - 78.3 ათასი ტონა განხორციელდა, რამაც მთელი იმპორტის 23.0%-ს შეადგენს. შემდეგ კი მოდიან: რუმინეთი - 73.0 ათასი ტონა - 21.5%; თურქმენეთი - 71.7 ათასი ტონა - 21.1%; აზერბაიჯანი - 56.8 ათასი ტონა - 16.7%; ბულგარეთი - 36.9 ათასი ტონა - 10.9%; საბერძნეთი - 11.1 ათასი ტონა - 3.3%; თურქეთი - 8.1 ათასი ტონა - 2.4%; ყაზახეთი - 2.5 ათასი ტონა - 0.7%.