საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენა რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთან ანუ 1 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით აპრილიდან ქვეყანაში ტურისტები მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც შემოდიან და გარკვეული გამოცოცხლება ამ მხრივ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მიუხედავად არის.
ტურისტები ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას, რესტორნებსა და კაფეებში განტვირთვას, ტურისტული ადგილების მონახულებას განსაზღვრულ პერიოდში საღამოს 9 საათამდე ახერხებენ.
BM.GE დაინტერესდა საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიებიდან და ნაკრძალებიდან, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა, რამდენი იღებს ტურისტებს.
ჩვენს საპასუხოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ დღეისთვის საქართველოში 92 დაცული ტერიტორიიდან ვიზიტორებს მხოლოდ 5 ვერ იღებს.
სააგენტოში აღნიშნული ტურისტული ადგილების უმოქმედობის მიზეზებს განმარტავენ, თუმცა მათი გახსნის კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. მათი თქმით, ცვალებადი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გახსნის თარიღის პროგნოზირება რთულია.
„მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ესაა ადგილები, სადაც ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღების აღდგენა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოება ჩვენი ოფიციალური გვერდების მეშვეობით შეიტყობს.
საქართველოს ის დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, სადაც გაშლილი სივრცეა და პანდემიის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, ვიზიტორებს დღესაც მასპინძლობს, ყველა არსებული რეკომენდაციისა და წესის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა შემუშავებული. პანდემიის პერიოდში რთულია მოლოდინებზე საუბარი და წინასწარ რაიმე სახის გათვლების გაკეთება, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ცნობისთვის: სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით 2020 წელს ყველაზე მეტ ვიზიტორს შემდეგი ადმინისტრაციები მოემსახურა:
1. თბილისის ეროვნულმა პარკმა - 61 890;
2. ყაზბეგის ეროვნულმა პარკმა - 28 515;
3. მარტვილის კანიონმა - 21 489;
4. პრომეთეს მღვიმემ - 19 345;
5. ალგეთის ეროვნულმა პარკმა - 17 110;
6. მტირალას ეროვნულმა პარკმა -15 424;
7. სათაფლიამ - 13 805;
8. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა - 12 112;
9. ოკაცეს კანიონი - 10 609;
10. კოლხეთის ეროვნული პარკი - 8 120;
11. თუშეთის დაცული ტერიტორიები - 7 055;
12. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - 6 079;
13. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები - 5 967;
14. კინჩხას ჩანჩქერი - 4 914;
15. ქობულეთის დაცული ტერიტორიები - 2 811;
16. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები - 1 852;
17. კინტრიშის დაცული ტერიტორიები - 1 214;
18. ჭაჭუნას აღკვეთილი - 1 063;
19. მაჭახელას ეროვნული პარკი - 800;
20. მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები - 94.