მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება - რა არის მიზეზი?

602bdb0cac32a
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.21 00:25
2409
იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის დაწყებით და ამის შესახებ ქვეყნების მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნით, რამაც საწვავზე მოთხოვნა გაზარდა.

შედეგად, თვენახევარში “პლაცზე” დიზელი 90 დოლარით გაძვირდა. ტონა საწვავი 510 დოლარამდე ღირს. ბენზინი კი 120 დოლარით გაძვირდა და ფასმა 572 დოლარს მიაღწია. იანვრიდან დღემდე, საწვავის თვითღირებულება დაახლოებით 25 თეთრით არის გაზრდილი, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებული გაძვირება საქართველოში სრულად ასახული არ არის. ზრდა ჯერ მხოლოდ 12-15 თეთრია. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში საცალო ქსელებში ისევ ფასების მატებას პროგნოზირებენ.

“მძიმე 2020 წლის მიუხედავად, საწვავის ფასების ზრდა ზაფხულში დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც მოიხსნა მკაცრი შეზღუდვები. ამ დროიდან იწყება ფასების ეტაპობრივი მატება, თუმცა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიმდინარე წლიდან, რადგან ბაზარზე რეალურად გამოჩნდა ვაქცინა, რასაც მოჰყვა პოზიტიური მოლოდინები: ის, რომ მსოფლიო ეკონომიკა ალბათ გაიხსნება და ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზრდება.

ბენზინის შემთხვევაში წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორსო ფასი გაზრდილია 120 დოლარით, დიზელის შემთხვევაში კი 90 დოლარით. საქართველოში საცალო ქსელშიც ხდება ფასების კორექტირება, ფასი საშუალოდ გაზრდილია 15 თეთრით და მინდა გითხრათ, რომ არაბრენდირებულ ქსელში კიდევ უფრო მეტად არის გაძვირება. რაც შეეხება მოლოდინებს, ნამდვილად არ არის ოპტიმისტური - ფასების ზრდა გარდაუვალია, მათ შორის საბითუმო ბაზარზეც ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. ამიტომ როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ საწვავზე საცალო ქსელებს მოუწევთ ფასების მომატება უახლოეს მომავალში”,- აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.

“სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე, რომელსაც საბითუმო საწვავი შემოაქვს, ამბობს, რომ აქამდე მსგავსი ტემპით ფასი არ გაზრდილა. მისი თქმით, წლის დასაწყისში საბითუმო საწვავის ფასი 1.85-1.90 ლარი იყო, დღეს კი 2.10 ლარია.

“ბოლო ორ თვეში საერთაშორისო ბაზარზე ტენდენცია მუდმივად მზარდია, შესაბამისად, საქართველოშიც ხდება ფასების ზრდა, რაც არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ სრულად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე.

საწვავის ფასების ცვლილების ყველაზე კარგი ინდიკატორი არის საბითუმო ბაზარი - აქ ფასები ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, საქართველოშიც. დღეისთვის არსებული საბითუმო ფასი მინიმუმ ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალია და 2.10 ლარს შეადგენს. ამ ფასის საფუძველზე ხდება ფასწარმოქმნა საცალო ბაზარზე, ანუ ავტოგასამართ სადგურებზე და რა იქნება საბოლოო ფასი - ეს დამოკიდებულია თითოეული კომპანიის მოგების მარჟაზე ან მათ საოპერაციო ხარჯებზე”,- აცხადებს ზაალ იაკობიძე.