მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, როგორც საწვავის მომწოდებელი, პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც ფასებზე დამატებით უარყოფითად აისახება - “სენტა პეტროლიუმი”

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის მოულოდნელი ესკალაციის ფონზე ნავთობის გლობალურ ბაზარზე ფასების მკვეთრი აღმასვლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან გაფორმებული დროებითი ზავის რეჟიმი დასრულებულად გამოაცხადა, ნავთობის ფასები ერთ დღეში თითქმის 6%-ით გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება ბოლო ორი კვირის მაქსიმუმზეა. რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინის გამო ფასები 71-72 დოლარამდე იყო შემცირებული, თუმცა ბოლო 24 საათში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

აშშ-ირანს შორის ესკალაციის განახლებამდე როგორც Brent-ის, ისე WTI-ს მარკის ნავთობის ფასი დაეცა და თითქმის იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც თებერვლის ბოლოს, ირანთან ომის დაწყებამდე იყო დაფიქსირებული.

გლობალურად ფასის ვარდნის ფონზე ივნისის ბოლოდან ნავთობკომპანიებმა საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყეს. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, გასული თვის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს. ივლისის დასაწყისში კი ბენზინის და დიზელის საწვავი ქსელების მიხედვით 5-დან 10 თეთრამდე გაიაფდა.

შეჩერდება თუ არა საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია, "სენტა პეტროლიუმის" გენერალური დირექტორის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება გლობალურ ფაქტორებზე. გარდა იმისა, რომ სანავთობო ბირჟებზე ფასის აღმასვლა დაიწყო, საქართველოსთვის გამოწვევას ქმნის ისიც, რომ სრულად შეჩერდა საწვავის იმპორტი რუსეთიდან, საიდანაც კომპანიები დაახლოებით 30-50 დოლარით შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ ნავთობპროდუქტებს. ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ სხვა ალტერნატიული ბაზრებით რუსეთის ჩანაცვლება საწვავის ფასებზე დამატებით წნეხს შექმნის.

“რუსეთიდან საწვავის შემოტანა პრაქტიკულად შეწყდა. რუსეთს აქვს თვითონ დეფიციტი და ცდილობს საწვავი შეიძინოს სხვა ქვეყნებში შიდა მოხმარებისათვის. ესეც არ არის კარგი საქართველოს ბაზრისათვის. იძულებული ვართ გადავერთოთ ევროპულ ბაზარზე, სადაც უფრო ძვირია ფასები, რაც დამატებითი უარყოფითი ფაქტორია ფასებთან დაკავშირებით...სხვაობა ერთ ტონაზე დაახლოებით 30-50 დოლარს შეადგენს”,- აცხადებს ზაალ იაკობიძე.

მისივე თქმით, თუ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება არ დასტაბილურდა, საწვავის შემდგომი გაიაფების საფუძველი აღარ იარსებებს.

დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო ბაზარზე, Platts-ის მიხედვით ერთი ტონა დიზელის ფასი 980 დოლარია, ხოლო ბენზინის — 930 დოლარი. ქართულ ბაზარზე კი ფასებმა ბოლო კვირებში ჯამში 20-30 თეთრით დაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები