მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია, მაღალი კი - საფინანსოში

6141b50c8a3c3
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.21 13:07
1046

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ანაზღაურება 1,328 ლარი იყო, ხოლო განათლების სექტორში საშუალო ანაზღაურება ამაზე 494 ლარით ნაკლები იყო და 835 ლარს შეადგენდა.

საუბარია მთლიან ხელფასზე, რომელსაც 20%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადი ეჭრება, შესაბამისად, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ქვეყანაში 1,062 ლარი იყო, ხოლო განათლების სექტორში კი ხელზე ასაღები ხელფასი 667 ლარი იყო.

განათლების სექტორში მომუშავეთა 2/3-ზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობს. უფრო კონკრეტულად კი, საჯარო სკოლებში 55,491 პედაგოგი ასწავლის. საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში კი 5,065 პროფესორ-მასწავლებელია.

შედარებისთვის, კერძო სკოლებში საჯაროსთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები - 7,208 პედაგოგი მუშაობს, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი, საჯაროსთან შედარებით, 8%-ით ნაკლები, 4,731 პროფესორ-მასწავლებელია.

განათლების სექტორში არსებული დაბალი ხელფასები იმ ადამიანთა მოტივაციას, ვისაც დასაქმება პედაგოგიურ სფეროში აქვს გადაწყვეტილი, ასუსტებს, რის გამოც განათლების ბაზარზე ახალი პედაგოგების შესვლის და მათ მიერ წინა თაობების ჩანაცვლების პროცესი საკმაოდ ნელია.

სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია, აქ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 2,355 ლარია, რაც ხელზე დარიცხულ 1,883 ლარის ხელფასს ნიშნავს.