მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" მფლობელი კომპანია: მთავრობას საინვესტიციო გეგმას იანვრის ბოლოს წარვუდგენთ

5e00660e9c77b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.19 11:45
1299
„ასეთი პირობა გვაქვს, რომ მთავრობას სრული საინვესტიციო გეგმა იანვრის ბოლოს უნდა წარვუდგინოთ; ახლა ის დამუშავების პროცესშია“, - ამის შესახებ BM.GE-ის „საქნახშირის“ მფლობელი კომპანიის Steel International Trade Company-ის მენეჯერმა ალექსანდრე ჩოჩიამ განუცხადა.

კითხვაზე - რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს კომპანია შახტების ამოქმედებაში, ალექსანდრე ჩოჩია კონკრეტიკისგან თავს იკავებს და განმარტავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაობის მოცულობაზე, რომელიც გაწერილი იქნება სამოქმედო გეგმაში.

„რაიმე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ ვინმე. გერმანელი ექსპერტები დღესაც მუშაობენ, აგრძელებენ სამუშაოებს და მათ დასკვნაში აქ არის გაწერილი რა მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ შახტებში მუშაობა უსაფრთხო იყოს. ჯერჯერობით, დოკუმენტი დრაფტის დონეზეა და არ არის მათი მხრიდან ხელმოწერილი; მე მგონია, რომ წლის ბოლომდე გერმანული კომპანია DMT-ის ახალი დოკუმენტი დამტკიცდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ მუშაობას ახალ სამოქმედო გეგმაზე, იანვრის ბოლომდე დავასრულებთ. მათგან მიღებული დასკვნის შედეგეად გაიწერება სამოქმედო გეგმა და გვეცოდინება, როდის დაიწყება აქტიური სამუშაო პროცესი“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი.

BM.GE-ის კითხვაზე - რომელ ქვეყნებს განიხილავს კომპანია საექსპორტო ბაზრებად, Steel International Trade Company-ის მენეჯერი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, სანამ არ ეცოდინებათ რა მოცულობის ქვანახშირის მოპოვება მოხდება ტყიბულის მაღაროებში, თუმცა ერთ ქვეყანას მაინც გამოყოფს.

„მუშაობა მიმდინარეობს. წინასწარ ვერ ვიტყვით სად გავიტანთ ექსპორტზე ქვანახშირს, რადგან ყველას აინტერესებს რა მოცულობის ქვანახშირის მოპოვებას შევძლებთ, რომ სტაბილურობიდან გამომდინარე მოხდეს ხელშეკრულებების გაფორმება. იმაზე საუბარი რომელ ქვეყანაში და რა მოცულობით გავალთ ცოტა ნაადრევია. თუმცა თურქეთის ბაზარი საკმაოდ ახლო და დიდი ბაზარია და ვფირქობთ, რომ პირველ რიგში, ამ ბაზარზე მოხდეს გარკვეული აქ ტივობა. თუმცა დეტალებში შესვლა ნაადრევია. არც ერთი პარტნიორი ამაზე არ მოგვყვება ვიდრე არ გაქვს სტაბილური მოპოვების გეგმა“, - განაცხადა ალექსანდრე ჩოჩიამ.

მისი ინფორმაციით, იმ პერიოდის განმავლობაში სანამ შახტები გაჩერებულია, მეშახტეების კუთვნილ ანაზღაურებას იღებენ და მათ წინაშე კომპანიას დავალიანება არ აქვს. 

ცნობისთვის, Steel International Trade Company-მ „საქნახშირი“, მისი მფლობელი კომპანიის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან“ (GIG) ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა. საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, „საქნახშირისთვის“ ინვესტორი კომპანია - Steel International Trade Company“ თავად იპოვა.

შეგახსნებთ, რომ GIG-იმ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტასა და ბაზრიდან გასვლაზე მზაობა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოხატა, როცა შახტებში ბოლო ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პრემიერის ბრძანებით, შახტები დაილუქა. მაშინ მათ ღიად თქვეს, რომ მზად იყვნენ, „საქნახშირი“ სამართავად უსასყიდულოდ სახელმწიფოსთვის გადაეცათ, თუმცა მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მედიიდანვე უპასუხა, რომ შახტების მართვა სახელმწიფოს საქმე არ იყო და „საქნახშირი“ განვითარების გრძელვადიან გეგმას საჭიროებდა. 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ შახტები დალუქული იყო „საქნახშირი“ 1200-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს უხდიდა და მათივე ინფორმაციით, ჯამში, 20 მლნ ლარამდე აქვს გადახდილი წელიწადსა და 2 თვეში. რამდენიმე დღის წინ კი თქვეს, რომ ხელფასებს ვეღარ გადაიხდიდნენ, რაზეც მეშახტეებმა მიწისქვეშა პროტესტით უპასუხეს - შახტებში ჩავიდნენ და არ ამოდიოდნენ. სამდღიანი პროტესტი და შიმშილობა კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ახალი ინვესტორიც გამოჩენილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები