მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა - IDFI

5eeb8ba25a9f4
BM.GE
18.06.20 20:00
2161

2020 წლის მაისში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, IDFI-მ  საქართველოს მთავრობასთან ანგარიშვალდებული 16 უწყების ვებ-გვერდის მონიტორინგი განახორციელა, საიდანაც მხოლოდ 8-ს ჰქონდა საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაცია. 

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ უწყებებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (95%) და სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ (83%) აჩვენეს.



"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ უწყებების მიერ, დამატებით უზრუნველყოფილია ზოგიერთი კატეგორიის მონაცემთა დეტალური გამოქვეყნება. მაგალითად, ორივე უწყების მიერ, ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულია ქონების დასახელება, ფართობი, პირველადი საბალანსო ღირებულება და ნარჩენი საბალანსო ღირებულება. ასევე, მიღებული გრანტების შემთხვევაში გამოქვეყნებულია საგრანტო ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია გრანტის გამცემის, მიზნობრიობის, საგრანტო ხელშეკრულების ვადა, საგრანტო ხელშეკრულების ღირებულება და საანგარიშო წელს ათვისებული გრანტის ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია".


დანარჩენი უწყებების მაჩვენებლები 14%-დან 70%-მდე მერყეობს. მათ შორის ყველაზე დაბალი შეფასება, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატმა (14%) აჩვენა. ამ უწყებას ვებ-გვერდზე წარმოდგენილი აქვს აპარატის საქმიანობასთან და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია.

"მაგალითად საჯარო ინფორმაციის ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიში წარმოდგენილია მხოლოდ 2017 წლის მდგომარეობით. აპარატის ვებგვერდზე არ არის წარმოდგენილი არანაირი ფინანსური ინფორმაცია. რაც შესაძლებელია განპირობებულია იმ ფაქტით რომ, 2019 წლამდე ბიზნეს ომბუდსმენის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისა და მისი აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო თანხების ადმინისტრირებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია".

სხვა უწყებების შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად შეზღუდულია ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მაგალითად, არანაირი ფინანსური ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. ასევე, მსგავსი ფინანსური ინფორმაცია 2013 წლის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.