მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1593 ლარია, ქალის - 1018 ლარი

5e7085e740cf4
BM.GE
17.03.20 12:13
5148

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1319.6 ლარი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 117.6 ლარით აღემატება. 

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1593.2 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 574.7 ლარით ნაკლებია და 1018.5 ლარს შეადგენს. 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 36%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები 36%-ით განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 36%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე. 

"საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

2019 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 86.0 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 501.4 ლარი, წლიური ზრდა 0.7 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 111.5 ლარი, წლიური ზრდა 13.1 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.

სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი; შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.