მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა

6049e65b34f44
ინგა მურუსიძე
11.03.21 13:41
2119
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დადგენილება, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ნება დართო, "ტელეკომპანია პირველში" შევიდეს და ამოიღოს 6 მარტს, გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გაგზავნილი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.

მოსამართლის განჩინებაში, რომელიც ტელევიზიაში უკვე მივიდა, ასევე წერია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. 


 





რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბაია ცანავას კომენტარი გაავრცელა "ინტერპრესნიუსმა", რომელიც ამბობს, რომ პროკურატურა ტელევიზიაში შეჭრას არ გეგმავს.

თავად ტელეკომპანიის იურისტის განმარტებით კი, განჩინება გაუგებარია, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვამდე პროკურატურას რაიმე მასალის მიღების მოთხოვნით ტელეკომპანიისთვის არ მიუმართავს. გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, საიდან იცის პროკურატურამ, რომ ტელეკომპანიამ მასალა კონვერტით ან ელექტრონული მოწყობილობით მიიღო, რადგან იურისტის განმარტებით, რეპორტაჟში გასულ კადრებში - თითქოს, წყარომ კონვერტით მიიტანა მასალა, დადგმული იყო.

„ეს განჩინება პროკურატურას აძლევს საშუალებას, რომ შემოვიდეს იძულებით და ამოიღოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობით ამ ინფორმაციის ამოღების გზები და ღონისძიებები პროკურატურას არ გამოუყენებია. სპეცრაზმი შეიძლება იყოს ბოლო ღონისძიება, რაც შეიძლება პროკურატურამ გამოიყენოს, თუმცა გამორიცხული არ არის. პროკურატურა სავარაუდოდ, ამ საქმის გამო შეშინებულია და არაადეკვატურად იქცევა“, - აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.

თავად შაბათის გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „პირველი“ წყაროს დაიცავს და ამის უფლებას ჟურნალისტებს აძლევთ კანონი.

ინფორმაციისთვის: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში წერია: პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება“.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მედიის დამოუკიდებლობა.

„უკვე დაიწყო გამოძიება ამ ჩანაწერებზე და იმედია, ყველაფერი ნათელი გახდება, თუმცა მპროცესში მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობის მიღწევა“, - განაცხადა ელჩმა.

„TV პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, პირები ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ, სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები - ჩანაწერს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.