მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ უჩა მამაცაშვილის საქმეზე "ანტიკორუფციული მოძრაობა" დააჯარიმა

62ecf31db0cc6
BM.GE
05.08.22 16:52
1042
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ანტიკორუფციულ მოძრაობას" უჩა მამაცაშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამამართლე გოჩა დიდავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

"ანტიკორუფციულ მოძრაობას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5,000 ლარის გადახდა. ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5,000 ლარის გადახდა; ლაშა ფარულავას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5,000 ლარის გადახდა," - განაცხადა დიდავამ. 

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებები აღიარებული უნდა იქნეს ცილისწამებად. მოძრაობის წარმომადგენლებს დაევალათ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" იურისტი მარიამ კაპანაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრებენ. ასევე ქართული სასამართლოების ამოწურვის შემდეგ, განიხილავენ სარჩელის მომზადებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მიმდინარეობს სისტემური შეტევა, როგორც არასამთავრობო სექტორზე  ასევე მედია-ორგანიზაციებზე. სასამართლო სხდომებზე წარდგგენილი გვქონდა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიეღო სწორედ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება. ამაზე მიუთითებს, როგორც ჩვენი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ  გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება როგორც ეროვნულ დონეზე და ამოვწუროთ როგორც სააპელაციო, ასევე უზენაეს სასამართლოში და წავიღოთ ეს საქმე ევროსასამართლოში, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას,"- აცხადებს მარიამ კაპანაძე.

უჩა მამაცაშვილის იურისტი ამირან გიგუაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მხრიდან არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც მათ განცხადებებს დაადასტურებდა, ამიტომაც სასამართლომ უჩა მამაცაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

"ყველაზე მთავარი იყო, რომ ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია მოპასუხეების მიერ, აღიარებული ყოფილიყო ცილისწამებად, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. თანხობრივი ნაწილი არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, საერთოდ ამ შემთხვევაში ეს თანხა სარჩელშიც მითითებული გვაქვს, რომ ქველმოქმედებას მოხმარდეს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებით დადასტურდა შემდეგი, რომ ეს კამპანია მთლიანად იყო ორკესტრირებული კერძო ინტერესებიდან გამომდინარე და მათ უკან არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება," - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 150,000 ლარი მოითხოვა.