მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთში მსხვილფეხა პირუტყვის და თაფლის ექსპორტი დაშვებულია - გადაწყვეტილება ძალაშია

62207f22be4f6
ინგა მურუსიძე
05.03.22 00:05
1542
საქართველოდან საუდის არაბეთში მსხვილფეხა პირუტყვის და თაფლის ექსპორტი შესაძლებელი ხდება. როგორც bm.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და მათ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის გატანაზე იზრუნონ. კერძო სექტორს მოუწევს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება, თუმცა ეს დამოკიდებულია ბიზნეს-ოპერატორზე, რომელთანაც თანამშრომლობას დაიწყებენ", - განგვიმარტეს სეს-ში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ვასილ ბასილაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა გარემოს, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჰმედ სალიჰ ალ ხამაშსა და მთავარ ვეტერინარ სანად ალჰარდთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის ცხოველური და მცენარეული პროდუქციით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვით ვაჭრობის საკითხები განიხილეს.

ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სამუშაო ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

„არაბ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში არსებულ კონტროლის სისტემასთან, ვეტერინარულ ღონისძიებებთან, ეპიზოოტიურ და ფიტოსანიტარიულ ვითარებასთან დაკავშირებით, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა. შედეგად, შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოდან საუდის არაბეთში წვრილფეხა პირუტყვთან ერთად, დაშვებულია მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიც. ასევე, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ქართული თაფლისა და მცენარეული პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.