ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ზრდა ფიქსირდება. ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 14 907 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 27.9%-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს, გასულ წელთან შედარებით კი ზრდა 21.6%-ია.
2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 29.1%-ითაა გაზრდილი საუდის არაბეთიდან ვიზიტები, ამასთან წლიურად 23.8%-იანი ზრდაა ქუვეითიდან.
იანვარ-მარტში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- საუდის არაბეთი - 6 000;
- ქუვეითი - 4 852;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2 618;
- ბაჰრეინი - 761;
- ომანი - 343;
- კატარი - 333.
2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანც 938 644 ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.