მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ისრაელიდან და ირანიდან საქართველოს ტურისტული შემოსავალი შემცირდა

ტურიზმი

ირანის ომი ტურიზმის შემოსავლებზე უკვე აისახა - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ირანელი ვიზიტორების რიცხვი 49%-ით, 13,757-მდე შემცირდა, ასევე იკლო ვიზიტორთა რიცხვმა ისრაელიდან და მან პირველ კვარტალში 66,744 შეადგინა, რაც წლიურად 17.5%-ით ნაკლებია. დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ტურისტული შემოსავლების ანალიზი, რომლის თანახმადაც ისრაელიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები პირველ კვარტალში 98.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 13%-ით არის შემცირებული. ხოლო ირანიდან შემოსული ვიზიტორების დანახარჯები კი პირველ კვარტალში მხოლოდ 10 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 64%-ით შემცირებულია.

თუმცა, ირანის ომის ეფექტი პირველი კვარტლის მდგომარეობით არ იყო ასახული საუდის არაბეთის ვიზიტორებზე, რადგან მათი რიცხვი პირველ კვარტალში 8,862-ს შეადგენდა რაც წლიურად 36%-ით იყო გაზრდილი. ამასთან, გაიზარდა საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების დანახარჯები 12.9 მილიონ დოლარამდე, რაც 48%-იან მატებას წარმოადგენს. თუმცა მოსალოდნელია, რომ უკვე 2026 წლის მეორე კვარტლიდან ირანის ომის ეფექტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების ნაკადზე უფრო მკვეთრად აისახოს.

2026 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული შემცირება დააბალანსა ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა, რადგანაც EU-დან ქვეყანაში 96,226 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 30%-ით არის გაზრდილი, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტორების ტურისტული დანახარჯები 140.7 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 36%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ტურიზმის სექტორის შემოსავლებს, ის სების სტატისტიკის თანახმად, 830 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.5%-ით არის გაზრდილი.

უფრო დეტალურად, 2026 წლის პირველი კვარტალის ტურისტული შემოსავალი და ტურისტული ნაკადი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

# ქვეყანა/ჯგუფი ტურიზმის შემოსავალი მლნ დოლარი ზრდა/კლება ვიზიტორების რაოდენობა ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი
1 ევროკავშირი $140.7 36% 96,226 $1,462
2 რუსეთი $124.0 -12% 230,717 $537
3 თურქეთი $120.0 12% 238,368 $503
4 ისრაელი $98.9 -13% 66,744 $1,482
5 აზერბაიჯანი $48.1 -1% 59,571 $807
6 უკრაინა $45.3 34% 30,119 $1,504
7 სომხეთი $28.8 2% 160,473 $179
8 ბელარუსი $16.0 1% 16,904 $947
9 საუდის არაბეთი $12.9 48% 8,862 $1,456
10 ირანი $10.0 -64% 13,757 $727
სულ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი $829.8 0.5% 1,170,362 $709

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები