მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მიზნით ეწვია გერმანიის კანცლერი საუდის არაბეთს?

ფრიდრიხ მერცი და მუჰამედ ბინ სალმანი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო. დღეს ის საუდის არაბეთს ეწვია, სადაც ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანაზე ისაუბრა.

როგორც დახურულ კარს მიღმა გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საუბრის მთავარი თემა ენერგეტიკული რესურსების მიწოდება იყო.

არსებული ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მწვანე წყალბადის საწვავის, ასევე გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტირების შესაძლებლობაზე. ენერგეტიკული თემის მიღმა ბინ სალმანმა და მერცმა თავდაცვისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს, თუმცა ამ კუთხით დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებიდან და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკის გამოცხადებიდან მალევე გერმანიამ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობის ახალი გზების ძიება და დივერსიფიკაცია როგორც ენერგეტიკული რესურსების იმპორტის, ისე უსაფრთხოების ტექნოლოგიების კუთხით. სავარაუდოა, რომ მერცის ვიზიტი კონკრეტული შეთანხმებების დადებით დასრულდება, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საუდის არაბეთში მიმდინარე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მერცი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულ ვითარებასაც გამოეხმაურა და ტრამპის მოთხოვნას, დასრულდეს ირანის ბირთვული პროგრამა, მხარი დაუჭირა. ასევე მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალური თეირანი ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლში ჩახშობის გამო. გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ მალე რეგიონში ახალი, მშვიდობიანი წესრიგი დამყარდება, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას დაეფუძნება და მასში ინტეგრირებული იქნება ისრაელიც. მომდევნო დღეების განმავლობაში ფრიდრიხ მერცი სახელმწიფო ვიზიტის გამართვას კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები