აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ სამშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
როგორც ირკვევა, მხარეები ირანთან მიმდინარე ომის მომდევნო ეტაპსა და კონფლიქტის შემდგომ სტრატეგიას განიხილავენ. Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ბაჰრეინს, ქუვეითსა და ომანს ოფიციალური მიწვევები უკვე გაუგზავნა. ამასთან, მოლაპარაკებების ფორმატი შესაძლოა სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერების მონაწილეობითაც გაფართოვდეს.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი საკვანძო რეგიონულ პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხების შეთანხმებასაც გეგმავს. მოლაპარაკებების მთავარ თემებად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საზღვაო სავაჭრო მარშრუტები და ნავთობისა და გაზის ბაზრების სტაბილურობა დარჩება.
ცნობისთვის ოფიციალურმა ვაშინგტონმა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გზების ძიება ბოლო თვეებში აქტიურად დაიწყო. დონალდ ტრამპმა განაცხადა კიდეც, რომ დაპირისპირების დასასრული ახლოვდება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად როგორ მოხერხდება ეს. მისი მტკიცებით, ირანული მხარე შეთანხმების მიღწევის მიზნით ოფიციალურ ვაშინგტონს პირდაპირ უკვე დაუკავშირდა.
























