აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, საზღვაო ბლოკადის აღდგენის ფარგლებში, ირანთან დაკავშირებულ 130 სავაჭრო გემს მარშრუტი შეუცვალა და მათ ჰორმუზის სრუტის გავლის საშუალება არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვების დარღვევის მცდელობისთვის ამერიკულმა ძალებმა 13 ხომალდი მწყობრიდან გამოიყვანა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის, CENTCOM-ის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ამერიკული ქვედანაყოფები ბლოკადის გარღვევის მცდელობებზე მყისიერად რეაგირებენ. მისი თქმით, შეიარაღებული ძალები ამ ამოცანაზე სრულად არიან ფოკუსირებული და ამ დამოკიდებულებას პრეზიდენტის გადაწყვეტილების ცვლილებამდე არ შეცვლიან.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ბოლო დღეებში ამერიკულმა სარდლობამ ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტესთან მოძრავ მეზღვაურებს სიფრთხილის გამოჩენისკენაც მოუწოდა და ეს იმით ახსნა, რომ ირანული ხომალდებისთვის შეზღუდვების არსებობის ფონზე, თეირანი მათ მიზანში ამოღებას უფრო მეტად შეეცდება.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის მდებარეობს და გლობალური ენერგეტიკისთვის სტრატეგიულ დერეფნად მიიჩნევა. ამ ვიწრო საზღვაო გზაზე მსოფლიო ნავთობის მიწოდების 20% და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის 25% გადის.
























