მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის კოალიციამ ჰუსიტების ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

ჰუსიტები და არაბები

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ იემენელი ჰუსიტების მიერ სამეფოს ქალაქებისკენ გაშვებული ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი ტაიფი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იანბუს საპორტო ზონა იყო.

კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ თურქი ალ-მალკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა საფრთხის განეიტრალება დროულად შეძლეს.

თავის მხრივ, ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერ-რიადში მდებარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტსა და კომპანია Saudi Aramco-ს ინფრასტრუქტურაზე იერიში რაკეტებითა და დრონებით წარმატებით მიიტანეს.

Reuters-ის ინფორმაციით, იანბუს ნავთობგადასამუშავებელი ობიექტების სიახლოვეს ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მიერ მართვადმა Patriot-ის სისტემამ ჩამოაგდო. ბერძნულმა მხარემ სამიზნეების გასანეიტრალებლად ორი რაკეტა გამოიყენა, თუმცა ჩამოგდებული აპარატების ზუსტი წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ იერიშის ფონზე საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა მექაში, ჯიდასა და ტაბუკში საჰაერო განგაში გამოაცხადა, თუმცა საფრთხის გადავლის შემდეგ გაფრთხილება მალევე გააუქმა.

პარალელურად, იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა ტაიზის პროვინციაში ჰუსიტების ფართომასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს. სამთავრობო ძალების პრესსპიკერ მაჯიდ ალ-ნუზაილის განცხადებით, დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ ადენის, ლაჰჯისა და ტაიზის პროვინციების დამაკავშირებელ მთავარ გზაზე კონტროლის დამყარება სცადა. სამთავრობო არმიამ კი პოზიციები სრულად შეინარჩუნა და მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულა.

ცნობისთვის, იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე თავდასხმები წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შემდეგ გაახშირეს. გასულ კვირას დაჯგუფებამ იემენის დასავლეთ სანაპიროზე კონტროლი დაამყარა და წითელი ზღვის სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები