მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავაჭრო სექტორი სრულიად პარალიზებულია" - Cushman & Wakefield-ის კვლევა

5e95a0ac92ed1
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 16:00
1505
კომერციული უძრავი ქონების შეფასებისა და საკონსულტაციო კომპანია “Cushman & Wakefield საქართველომ” ქვეყანაში სავაჭრო სექტორის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. დოკუმენტში, ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა, მთავრობის მიერ დაწესებულ აკრძალვამდეც მკვეთრად იკლო სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლების რაოდენობამ, რის საპასუხოდაც კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ვირტუალურ სივრცეში ვაჭრობის გაგრძელებაზე მუშაობა.

საგანგებო მდგომარეობის დაწესებას სასურსათო და სააფთიაქო ქსელების გარდა, ყველა სხვა სახის მაღაზიის დაკეტვა მოყვა, ხოლო კომერციული საქმიანობის აკრძალვამ, რაც ვირტუალურ ვაჭრობაზეც გავრცელდა, მთლიანად სფეროს პარალიზება გამოიწვია. Cushman & Wakefield-ის კვლევაში ნათქვამია, რომ დღეს ეს სფერო “ლიკვიდობის მძიმე პრობლემას განიცდიან”. კვლევა როგორც მაღაზიებში, ასევე სავაჭრო ცენტრებში არსებულ ვითარებას ეხება.

Cushman & Wakefield-ის კვლევის შედეგები:

"საქართველოში დაფიქსირებული COVID19-ის პირველივე შემთხვევა უარყოფითად აისახა სავაჭრო სექტორზე. მარტის დასაწყისში გაყიდვები 35%-ით შემცირდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 80%-ით დაეცა.

ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის ასეთმა მკვეთრმა კლებამ ბევრი მოვაჭრე იძულებული გახადა, სახელმწიფო რეგულაციების ამოქმედებამდე, შეეჩერებინა საქმიანობა. კომპანიების ნაწილმა მთავარ ორიენტირად არსებული ონლაინ პლატფორმის განვითარება აიღო, ვირტუალურ სივრცეში დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია, ხოლო პროდუქციაზე სხვადასხვა სახის ფასდაკლებები განხორციელდა. თუმცა მალევე მთავრობამ საკარანტინე რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რის ფარგლებშიც შეზღუდვა შეეხო ონლაინ გაყიდვებს. ვაჭრობა ვირტუალურ სივრცეში, ისევე როგორც მაღაზიებში, ფაქტობრივად აკრძალულია. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სავაჭრო სექტორი სრულად პარალიზებულია.

სექტორი მძიმე ლიკვიდურობის პრობლემას განიცდის, თუმცა ამ მოცემულობის შესამსუბუქებლად ჯერჯერობით არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. საბრუნავი კაპიტალის სწრაფი შემცირების გამო, ჩვენ მიერ გამოკითხული კომპანიების 40%-მა ვერ შეძლო მარტის თვის ხელფასების გაცემა. მოვაჭრეთა უმეტესობის უკმაყოფილება მიმართულია სავაჭრო ცენტრებისა და მათი ხისტი პოლიტიკისკენ კრიზისის პირობებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ორივე მხარეს თავისი არგუმენტაცია აქვს.

სავაჭრო კრიზისი ორივე გადმოსახედიდან

მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრებს არალოიალურ მიდგომაში ადანაშაულებენ. მათმა ნაწილმა ჩვენთან საუბარში ახსენა სავაჭრო ცენტრებსა და მათ შორის არსებული „ურთიერთგაგების“ პრობლემა. გამოკითხული კომპანიების 40%-მა ცენტრალური ქუჩების მეიჯარეებისგან სრული ან ნაწილობრივი ფინანსური შეღავათი მიიღო, მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ გამოკითხულ არცერთ სავაჭრო ცენტრს ჯერჯერობით არ ჩამოუყალიბებია მხარდაჭერისა თუ კრიზისთან გამკლაბების სტრატეგია. ეს რეალობა მოსალოდნელიც იყო.

არსებულ კრიზისულ ვითარებაში, როგორც მოიჯარეს, ისე მეიჯარეს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს მოქმედება, რაც ხშირ შემთხვევაში ქირის გადახდის ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ამ მომენტისთვის, მხოლოდ ის სავაჭრო ცენტრები რჩება ნაწილობრივ ღია, რომელთა სივრცეშიც განთავსებულია აფთიაქი, სუპერმარკეტი ან ბანკი. შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების მასობრივმა დახურვამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სავაჭრო ცენტრებსაც - მათი შემოსავალი ისევე შემცირდა, როგორც მაღაზიების.

სავაჭრო ცენტრების ოპერატორები აცხადებენ, რომ მათაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები, პირველ რიგში თანამშრომელთა მიმართ. ამასთან, გასასტუმრებელია საოპერაციო ხარჯები, რომლის გადახდაც ცენტრალურ ქუჩებში მეიჯარეებს არ უწევთ. სავაჭრო ობიექტების შენარჩუნება სავაჭრო ცენტრების უმთავრესი ამოცანაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცხადია, არც სავაჭრო ცენტრებისთვის აღმოჩნდა მარტივი მოცემულ კრიზისთან შეჭიდება.

ამ დროისთვის, გამოკითხულ არცერთ სავაჭრო ცენტრს არ გადაუხედავს საიჯარო პირობებისთვის, თუმცა შექმნილი ვითარების გახანგრძლივების შემთხვევაში, საფასე პოლიტიკის გადახედვა გარდაუვალი იქნება. ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი, თუ როგორ გადანაწილდებიან მოთამაშეები სავაჭრო ბაზარზე. საბოლოოდ, სავარაუდოდ, მხოლოდ ის სავაჭრო ობიექტები და ცენტრები შეძლებენ კრიზისთან გამკლავებას, რომელთაც საბაზრო უპირატესობა ექნებათ. ამ მოცემულობით, შესაძლოა, გარკვეულ დროში მცირე ბიზნესებს მოუწიოს პოზიციების დათმობა და ბაზრის დატოვება.

2020 პერსპექტივა

სავაჭრო სექტორის ჩვეულ რიტმში ამოქმედება დამოკიდებულია პანდემიის ხანგძლივობაზე. ზოგადად, სავაჭრო ბიზნესში ერთი თვით შეჩერებული ვაჭრობა უარყოფიდად აისახება მომდევნო 6 თვეზე. შესაბამისად, გაზაფხულის სეზონზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას თბილისის სავაჭრო ობიექტები და ცენტრები დიდხანს ვერ შეძლებენ. ოპტიმისტური პროგნოზით, საგანგებო მდგომარეობა ივნისისთვის დასრულდება; შუალედური პროგნოზით - სექტემბერში, ხოლო პესიმისტური პროგნოზით შექმნილი სიტუაცია წლის ბოლომდე გასტანს. ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სავაჭრო სექტორი უმუშევრობის და ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დგას.

საუკეთესო შემთხვევაში, თუ კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივნისში გაუქმდება, სავაჭრო სექტორს მინიმუმ სამთვიანი პაუზა ექნება. შესაბამისად, საეჭვოა მოვაჭრეებმა დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ. ჩვენს შეკითხვაზე, შეძლებენ თუ არა აპრილის თვის ხელფასის გაცემას, ბუნდოვანი პასუხები მივიღეთ. ამის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტები, რომელთაც არ აქვთ ძლიერი ფინანსური რესურსი, ივლისამდე თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ. ოპტიმისტური თუ პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნულ სექტორში მასობრივად მოხდება დასაქმებულების დროებითი ან პერმანენტული დათხოვნა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსალოდნელია სავაჭრო ბაზარზე მოთამაშე კომპანიების ნაწილს მაღაზიების დახურვა მოუწიოს, განსაკუთრებული რისკის წინაშეა მცირე ბიზნესი და ის ცენტრები, რომელთაც ნაკლები სავაჭრო უპირატესობა აქვთ. მცირე სავაჭრო ობიექტებისა და პერიფერიული ცენტრების დაკეტვის ხარჯზე, წლის ბოლოსთვის გაიზრდება ვაკანტური ფართების რაოდენობა.

ჩვენი ვარაუდით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა, თუმცა მოთხოვნის მზარდობა დამოკიდებულია ვირუსის შემაკავებელი პოლიტიკის ხანგრძლივობაზე - მოკლევადიან პერიოდში, მოქალაქეები შემოსავალს აგროვებენ, რადგან შეზღუდულნი არიან ხაჯვაში.

იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა სექტემბრამდე ან დეკემრამდე გასტანს, უმუშევრობის დონე იმდენად იმატებს, რომ მოქალაქეთა ფინანსური დანაზოგი და შემოსავალი შემცირდება. შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა დაიკლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვაჭრეები მზად უნდა იყვნენ მზარდი მოთხოვნისთვის, რაც ხაზს უსვამს მოსალოდნელი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს.

კრიზისთან გამკლავების ზომები

მოკლევადიან პერიოდში, მოვაჭრეები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო შეუმცირებს საბაჟო, საშემოსავლო და სხვა გადასახადებს, რაც მათ მნივნელოვან შეღავათს მოუტანს და დაეხმარება თანამშრომელთა შენარჩუნებაში. კრიზისთან გასამკლაველად, იმ კომპანიების 40%, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვირტუალურ სავაჭრო ბაზარზე ბიზნესის განთვითარებას გეგმავს. შესაძლოა, ამჟამინდელ სიტუაციაში ასეთი სტრატეგია არაეფექტურად ჩანდეს, თუმცა ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში დადებითი დინამიკის დაწყებისთანავე, ვირუსის შესაკავებლად დაწესებული რეგულაციები ეტაპობრივად მოიხსნება. სავაჭრო ბაზრის ძველებურად ამოქმედებამდე, ონლაინ გაყიდვები უფროდაუფრო პოპულარული გახდება.

ქსელური მიწოდების უზრუნველსაყოფად და ინვენტარის განსაახლებლად, მოვაჭრეებს მოუწევთ მოლაპარაკების წარმოება ბრენდებთან. სექტორის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია სუბსიდირება და გამარტივებული სესხები. ჩვენი პროგნოზით, მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, მოხდება ცვლილებაბი კომერციული უძრავი ქონების საიჯარო საფასე პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაკანტურობა როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე ცენტრალურ ქუჩებზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.