მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

6495a7787f46e
ელენე გოგბერაშვილი
23.06.23 18:22
612
საქართველოს 45 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ერთ საბაჟო ადმინისტრაციასთან - ჰონგ-კონგთან, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ ქართულ პროდუქტებს შეუძლია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შესვლა მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2,3 მილიარდიან ბაზარს წარმოადგენს.

გენადი არველაძის თქმით, მიმდინარე ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ამჟამად კი მიმდინარეობს შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი პროცედურები და ეკონომიკის სამინისტროს ვარაუდით, 2023 წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს შეთანხმებას ხელი.

„2022 წლის 30 ნოემბერს ასევე ხელი მოეწერა სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებას, სადაც ასევე დაფიქსირდა, რომ მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, მოლაპარაკებები დაიწყოს 2023 წლის მეორე ნახევარში. უკვე მიმდინარეობს ტექსტთან მიმართებაში შესაბამისი პროცედურები და სტრუქტურის ჩამოყალიბება, თუ რას უნდა მოიცავდეს შეთანხმება. იმედი მაქვს, 2023 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება საშუალება მოლაპარაკებები გავხსნათ კორეასთან, რომელიც არის აზიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი“,-განაცხადა გენადი არველაძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

მისივე თქმით, 2023 წლის 1-ელ მაისს ხელი მოეწერა ასევე ისრაელთან მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებას. ერთობლივი დეკლარაციით 2024 წელს იგეგმება ისრაელის მხარესთან მოლაპარაკებების გახსნა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები