მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აშშ-სთან? - ეკონომიკის სამინისტრო

6495aa4decde9
ელენე გოგბერაშვილი
23.06.23 18:45
697
„მიმდინარეობს მუშაობა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, ექსპერტულ და მაღალ დონეზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რათა გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მან ისაუბრა, თუ რას აკეთებს ქართული მხარე იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადავიდეს.

„გასულ წელს აშშ-ში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის მაისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებშიც ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან. განხილულ იქნა ასევე სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, განხილულ იქნა მიზანშეწონილობის კვლევის შედეგები, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით მომზადდა. შედგა ასევე მაღალი დონის შეხვედრები კონგრესმენებთან, რომელთანაც განხილვის თემა იყო ასევე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ მომავალშიც აშშ-სთან აქტიურ მუშაობას, სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით“,-განაცხადა გენადი არველაძემ.

ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით PWC-მა მომზადდა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კვლევის თანახმად, მსგავსი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის იქნებოდა ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი. კერძოდ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, ყოველწლიურად, მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება. დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები